ბიძინა ივანიშვილი ამდენი ხნის განმავლობაში რას აკეთებს თქვენი აზრით? ფულით ცდილობს საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას,-ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რეპუტაცია მხოლოდ და მხოლოდ ფულით შექმნა და ის მხოლოდ საკუთარ მილიარდებზე ფიქრობს.
„ბიძინა ივანიშვილს რომ ფული არ ჰქონდეს, ვინმე მას ენდობოდა თქვენი აზრით, თუნდაც „ქართული ოცნების“ რიგებში? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ბიძინა ივანიშვილი რომ გაკოტრდეს ხვალ, "ქართული ოცნების" რომელიმე დეპუტატი ზედ შეხედავს? ან მეგობრად გამოადგება? თუნდაც კახი კალაძე ან ირაკლი კობახიძე გაჰყვებიან თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რეპუტაცია მხოლოდ და მხოლოდ ფულზე დააშენა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „ფორბსის“ სტატისტიკა და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში 10 მილიარდერი გვყავს თურმე. 10 მილიარდერიდან ბიძინა ივანიშვილი არის მე-2 ადგილზე 7.5 მილიარდით. ადამიანი, რომელიც 3 წლის განმავლობაში იმაზე ტირის, რომ "კრედიტ სუისმა" მილიარდები "წაართვა" და ამას გადაგვაყოლა ქვეყანა. უკაცრავად, მილიარდები თუ წაართვა და ამ ადამიანს 7.5 მილიარდი აქვს ისევ, ეს ფული საიდან მოიტანა? ეს კითხვა არ უჩნდება არავის, ეს კითხვა არ გიჩნდებათ? კობახიძე რომ გამოდის და ამბობს, ეკონომიკა იზრდებაო, ვინმეს თქვენგანს ეს გაზრდილი ეკონომიკა დაეტყო? ბიძინა ივანიშვილს რომ დაეტყო ეს გაზრდილი მილიარდები, საიდან ეტყობა ბიძინა ივანიშვილს? იმ 10 მილიარდერიდან ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი, რომელიც გადასახადებს არ იხდის. ადამიანი, რომელიც გადასახადებს არ იხდის,ეს ნიშნავს, რომ მისი გადასახადები ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება. ამიტომ, ფულზე თუ ვლაპარაკობთ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო“,-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.