თუ შეიძლება, თუ მაქვს ამის უფლება, ოჯახს ვუსამძიმრებ, მართლა დიდი ტრაგედია დაგვატყდა ორივე ოჯახს. გულწრფელად და ადამიანურად ვუსამძიმრებ ოჯახს, - ასე დაიწყო სასამართლოში ჩვენების მიცემა ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის", 25 წლის თეკლა გერსამიას დედამ, ილონა ლეჟავამ.
ის ამ წუთებშიც სასამართლოში ჩვენებას აძლევს და დეტალურად იხსენებს მისთვის ცნობილ ფაქტს.
„სალონში ვიმყოფებოდი. თეკლამ დამირეკა ტელეფონზე, ძალიან ცუდად ისმოდა თვითონ ტელეფონშიც ხმა და თეკლაც გამართულად არ საუბრობდა, ნუცას [შვილი] ახსენებდა, ტირილის ხმაც გავიგე, მეუბნებოდა - მოდი, მოდი. რაღაც მომენტში სახელი ლუკაც ახსენა. ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი დედასთან და ოჯახთან, ისეთი რაღაცების თქმა მომიწევს, რაც მათთვის კარგი მოსასმენი არ იქნება.
თეკლას მეგობარია - ეთო სიაშვილი, მისი შეყვარებული იყო ლადო, მათ სამეგობროში გაიცნო თეკლამ ლუკა, ვმეგობრობთ, ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ვეხმარებიო, ასე მითხრა. აქვს პირობითი, ნასამართლევია ნარკოტიკებზე, ციხეშიც იჯდაო, ადვოკატებთან პირობითზე აქვს რაღაც პრობლემები, ისეთი არაფერიო. თეკლას რომ ვურეკავდი, ხან მითიშავდა, ხან არ მპასუხობდა. დედის გული სხვანაირად გრძნობს რაღაცებს, რაღაცები არ მომწონდა, ჩემგან გაუცხოვდა, თეკლა ისეთ ასაკში გავაჩინე, ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთი გავზარდეთ. დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ თეკლასთან ლუკა იყო მისული, კარის სახელური მოუნგრევია. თეკლამ მითხრა, მე მგონი, ამ ბიჭს ვუყვარვარ და ეჭვიანობის გამო კონფლიქტი მოგვივიდაო",- განაცხადა ლეჟავამ.
მისივე თქმით, მან გადაწყვიტა ლუკა დარასელია ენახა, მანამდე კი შვილს ჰკითხა, როგორ ამოეცნო.
„ხელი ექნება შეხვეული, ამას წინათ ხელი დაისერაო, მითხრა თეკლამ... ლუკას შევხვდი, ვუთხარი თეკლას მეუღლე ჰყავს და მეგობრობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გრძნობები, სახლში მისვლები არ გინდა-მეთქი. ირონიული სახით გამომხედა, არ ინერვიულოთ ქალბატონო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ვუთხარი, რომ თეკლასთან ურთიერთობა გაეწყვიტა, რადგან მათი ურთიერთობა მეგობრობას გაცდა... სიყვარულზე მითხრა, ხომ ხდება ადამიანებს ადამიანები უყვართო",- განაცხადა ლეჟავამ.
მისივე თქმით, ის ლუკა დარასელიას ოჯახის წევრებს დაუკავშირდა, კერძოდ კი, დას, მას შემდეგ, რაც მამასთან კონტაქტზე ვერ გავიდა. ბრალდებულის დედის თქმით, მან დარასელია გააფრთხილა, მის შვილთან კომუნიკაცია გაეწყვიტა, თუკი, პრობლემები არ უნდოდა, ვინაიდან მას მოქმედი პირობითი მსჯავრი ჰქონდა.
„[ლუკას] ხელების გადასერვაზე ვკითხე თეკლას. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, თუ დაგვაშორებენ თავს არ ვიცოცხლებო, მითხრაო. თეკლას ვუთხარი, ჯერ ძალიან ცოტა ხანია ერთმანეთს იცნობთ, თან ხომ იცის რომ შენი მეუღლე ციხეშია-მეთქი. ვუთხარი, კიდევ ერთხელ თუ მოვიდა, ან მსგავსი ქმედება განხორციელდა, დამირეკე, ან პოლიციაში დარეკე, შემაკავებელს გამოვაწერინებ-მეთქი. ამაზე გაგიჟდა, ადამიანს ვუყვარვარ და ამის გამო ციხეში გავუშვაო?
ეგ რომ ციხეში გავუშვა, დედამისი დამწყევლისო, წყევლისაც ეშინოდა. ამიტომ მინდოდა ლუკას დედასთან საუბარი, მინდოდა მის მშობლებს ეს ცოდნოდა, ალბათ, ეს კომუნიკაცია რომ შემდგარიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა არც მათთვის და არც ჩემთვის",- განაცხადა ლეჟავამ.
მას პროკურორმა გიორგი ქობულაძემ დაუსვა კითხვა, ისეთივე დაზიანებები, რაც ლუკა დარასელიას ჰქონდა, თეკლასაც აქვს და ხომ არ იყო მისთვის ცნობილი, როდის მიიყენა ეს დაზიანება თეკლამ ან თვითონ მიიყენა თუ არა.
"თვითონ. მარცხენა ხელის უკან მხარეს, რამდენიმე იყო. ძველი დაზიანების კვალი ეტყობა კი, ასევე ავარიის შედეგად დაზიანებაც ეტყობა. ეს გადასერვაც არ ვიცი, ბავშვურ პროტესტად ჩავთვალე, 14-15 წლის იყო, მეორე დღეს თავის თავზე ბრაზდებოდა, ეს რატომ გავაკეთეო",- განაცხადა ბრალდებულის დედამ.
მას პროკურორი ისევ ჩაეკითხა, მსგავსი დაზიანებები აქვს თეკლა გერსამიას ყოფილ მეუღლესაც, დიმა გიგუაშვილსაც და თუ არის ეს მისთვის ცნობილი, რაზეც ბრალდებულის დედამ უპასუხა, რომ "იცის".
„სხვა რამე ხომ არ ხდება? ლუკას, თეკლას, დიმას მსგავსი დაზიანებები აქვთ. რამე ახსნა ხომ არ გაქვთ, რატომ აქვს სამივეს უცნაური დაზიანებები?"- ჰკითხა პროკურორმა ბრალდებულის დედას, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.
„არ ვიცი დიმამ როდის, რა გააკეთა, როცა თეკლამ ეს ბავშვური პროტესტი გამოხატა, დიმას საერთოდ არ იცნობდა",- განაცხადა მოწმემ.
პროკურორის თქმით, როცა თეკლა დიმა გიგუაშვილის მეუღლე იყო, ის არაერთხელ რეკავდა პოლიციაში და აკეთებდა შეტყობინებას, რომ მასზე ძალადობდა. პროკურორმა თეკლა გერსამიას დედას ჰკითხა, თუ რატომ არ განუხორციელებია არც ერთი ზარი ლუკა დარასელიას წინააღმდეგ, რაზეც დედამ უარყოფითი პასუხი გასცა.
თეკლა გერსამიას დედის ჩვენებით, მას შვილისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ 10 ივნისიდან 22 აგვისტომდე - მკვლელობის დღემდე ლუკა დარასელიასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. პროკურორმა კი უთხრა, რომ რეალობა სულ სხვა იყო. მან პროკურორის კითხვების საპასუხოდ ისევ მკვლელობის დღეზე ისაუბრა.
„მესიჯები" მივწერე, სალონში ვიყავი და შვილის პირადზე საუბარს ვერ დავიწყებდი. ძალიან გაბრაზებულმა მივწერე, კიდევ ლუკას როგორ ახსენებ-მეთქი...თეკლა ჩემთან მოვიდა, ალბათ 14:00 საათი არ იქნებოდა, მანქანა გავუღე, ნუცა და თეკლა ჩავსვი.
მთხოვა, კლინიკაში წამეყვანა. პოლიციამ დამირეკა, თეკლას კითხულობდნენ, ვაჟაზე მოიყვანეთო...
სახლთან ძალიან ბევრი პოლიციელი დამხვდა... თეკლას ჰკითხეს დანა სად არისო, თეკლამ ნიჟარიდან ორი თითით აიღო, პოლიციელმა უთხრა გაუშვი ხელი მაგ დანასო და უკან ჩააგდო. ჩვეულებრივი სამზარეულოს მწვანე დანა იყო",- განაცხადა ლეჟავამ.
ამ წუთებში პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული, ვინაიდან თეკლა გერსამია შეუძლოდ გახდა.
ცოტა ხნით უფრო ადრე, პროცესის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯულიც. როგორც ექიმმა განმარტა, მას მაღალი ემოციური ფონი აქვს, რის გამოც, არტერიულმა წნევამ აიწია და ექიმმა მისი პროცესში მონაწილეობის რეკომენდაცია არ გასცა. ის სათადარიგო ნაფიცი მსაჯულით ჩაანაცვლეს.
თეკლა გერსამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს. თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა.
თეკლა გერსამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.