ბრიტანეთის პარლამენტის ანგარიში - მოვუწოდებთ მთავრობას, დააწესოს ახალი სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიმართ, ასევე ქართველი კლეპტოკრატებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ

გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის სურვილს, გადავიდნენ დასავლური სტილის ლიბერალურ დემოკრატიაზე, რომელსაც ექნება როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციალი. მაშინ, როდესაც რუსეთს მტკიცედ სურს, ხელი შეუშალოს მეზობელი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას და მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ანკლავებს, - ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში: „დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ მავნე აქტორები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას“, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სურვილი, ხელი შეუშალოს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას, საფუძვლად უდევს დაძაბულობას, რამაც გამოიწვია რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 2024 წლის სადავო არჩევნები.

„2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველომ არჩევნები ჩაატარა. ოფიციალური არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 54%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო ეგზიტპოლების მიხედვით, ოპოზიციას „ქართულ ოცნებაზე“ 10%-იანი უპირატესობა ჰქონდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს შედეგების აღიარებაზე, არჩეულმა პარლამენტარებმა კი უარი თქვეს პარლამენტში ადგილების დაკავებაზე. სადავო შედეგებმა „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია. სალომე ზურაბიშვილმა კომიტეტს განუმარტა, რომ არჩევნები საგარეო და საშინაო ინფორმაციის მანიპულირებისა და არჩევნებში ჩარევის სამიზნე იყო“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „ცხადი იყო მასშტაბური და დახვეწილი მანიპულაციური ოპერაცია, რომელიც აშკარად ინსპირირებული და მხარდაჭერილი იყო რუსებისა და რუსული მეთოდების მიერ“.

„ქართულმა ოცნებამ“, გვერდი აუარა რა ოპოზიციის ხმას, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინურ ფირმებს გადასცა და პრორუსული, ანტიდასავლური ნარატივები გაიმეორა. სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას „არა მხოლოდ რუსეთის ან ბელარუსის კანონებისა და მეთოდების, არამედ მათი რიტორიკისა და პროპაგანდის გამოყენებით“. ეს მოიცავს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონს, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო სახელმწიფოს ინტერესების მატარებელი ორგანიზაცია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში წერია, რომ „ქართული ოცნების“ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, მილიარდერი, რომელმაც ქონება 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა, 2003 წელს კი საქართველოში დაბრუნდა.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წელს გახდა და ერთი წელი იმსახურა, სანამ აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა რუსული ანტიდასავლური ნარატივები, მათ შორის ის, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს გამოყენებას უკრაინის კონფლიქტში „მეორე ფრონტის“ გასახსნელად „გლობალური ომის პარტიის“ მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილს აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა 2024 წლის 27 დეკემბერს სანქციები დაუწესა „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის შელახვაში“ მისი როლის გამო. ევროპარლამენტმა 2025 წლის 13 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებდა, გაეყინათ აქტივები და პირადად დაეკისრებინათ სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების, ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების ხელშემწყობი პირების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, კომიტეტმა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პარლამენტის წევრის, სტივენ დაუტისგან განმარტება მოითხოვა იმის შესახებ, თუ რა დახმარების გაწევას უზრუნველყოფდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დასაწესებლად ისეთი მოკავშირეების მსგავსად, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი.

„საპასუხოდ, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ დიდი ხანია საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის ძირითადი საყრდენია“ და აფინანსებდა „პროგრამულ სამუშაოებს, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და არაკომერციული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობენ მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომას“. თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა უარყო, რომ დასავლეთმა ხელი შეუწყო რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას და განაცხადა: „ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ მიგვიღია. არ არსებობდა მკაფიო სტრატეგია რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით მიმდინარე მოვლენებზე. ანგარიშის დასკვნაა, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლა“ შეინიშნება. მასში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ „თანდათანობით შეზღუდა“ სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება „სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და ლგბტ+ თემის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის“ შემოღებით. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის 46 რეკომენდაციას იძლევა გამოწვევების მოსაგვარებლად, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სავარაუდო დარღვევების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩასატარებლად“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, კომიტეტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის გაუარესების გამო.

„კომიტეტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის გაუარესების გამო, რაც, მისი ამჟამინდელი ტრაექტორიით, გამოიწვევს რუსეთის გავლენის სფეროს ქვეშ მყარად დამკვიდრებულ ავტოკრატიას, ბელარუსის მსგავსად. ვგმობთ „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების, ოპოზიციის ხმის ჩახშობის, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიმართულებით. ეს ქმედებები იმეორებს რუსულ სახელმძღვანელოს და თბილისსა და მოსკოვს შორის კოორდინაციაზე მიუთითებს. მხარს ვუჭერთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებს ლეგიტიმური საპროტესტო აქციების საპასუხოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობაში პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირების სანქცირებასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ მთავრობას, დააწესოს ახალი მიზნობრივი ფინანსური და სამოგზაურო სანქციები „ქართული ოცნების“ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს“, ასევე ქართველი კლეპტოკრატებისა და იმ ქართული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს