დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას იტყვის მათზე ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი-ბრიტანეთი. უბინძურესია პროპაგანდა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს: დიქტატია, რაღაცებს გვავალებენ, გვავალდებულებენ, „ორპირ ქარში“ გვამყოფებენ და ა.შ , - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ ჩანაწერებთან მიმართებაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებები.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა, დასავლური ქვეყნები კიდევ გააგრძელებენ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნებას, რადგან საქართველო ევროპას შორდება.
„მე ქართველ ხალხზე ბევრად კარგი წარმოდგენის ვარ, ვიდრე ეს იდიოტიზმი- ბრიტანეთს თურმე „დიფ სთეიტი“ მართავს და თურმე ეს „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას ვერ ახერხებს. რა ვიცი, ქართველო კაცო, ორშაბათი დილაა, კარგად გაიაზრე, „დიფ სთეითმა“ ინგლისის იმპერია დაამარცხა და ივანიშვილს ჭორვილაში ვერ ამარცხებს? ამ დებილობის ვისაც გჯერათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. საკითხი მარტივადაა, ევროპაში კიდევ გააგრძელებენ ჩვენზე ანგარიშების წერას. რატომ? იმიტომ, რომ ჯერჯერობით, ისევ დეკლარირებულად აქეთ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება“ მულტილატერალიზმზე საუბრობს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
მისივე აზრით, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურთ „ქვეყანა გამოკეტონ“.
„ივანიშვილის „მუღამი“, მთელი პოლიტიკური პარადიგმა არის, რომ როგორც თვითონ ზის ჭორვილაში გამოკეტილი, შემოღობილ და გადახურულ ტერიტორიაზე, ისე უნდა ეს ქვეყანა გამოკეტოს. ეს არის პროვინციული დამოკიდებულება - „ხეს მოვეფაროთ და იქნებ ქარავანმა ჩამიაროს“… ეგრე არ გამოვა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
რაც შეეხება ბრიტანეთის პარლამენტის მოწოდებას ქვეყნის მთავრობისადმი, რომ ახალი სანქციები დაწესდეს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიმართ, ასევე ქართველი კლეპტოკრატებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ეს გამორიცხული არ არის.
„ცივილიზებული სამყაროსთვის დამანგრეველი ეფექტი აქვს სანქციებს, ამ პარადიგმიდან თუ შევხედავთ, ხოლო თუ ბანდიტური დამოკიდებულებიდან შევხედავთ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, [სანქციები] ისეთს არაფერს აკეთებს, მაგრამ რეალობა სხვაა - იხილეთ რუსეთი და რასაც აკეთებს სანქციები რუსეთში. ეს სანქციები თავიდან რუსეთში არ დაწესებულა იმ მიზნით, რომ სანქციებით ფიქრობენ ჩამოაქციონ ქვეყანა, რომელმაც 70 წელი კომუნიზმს გაუძლო, სანქციები არის თანმხლები მოვლენა. საქართველოსთან მიმართებით ეს ასე იქნება, მაგრამ ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი - სანქციებიც შეიძლება იყოს, გაგვრიცხონ ორგანიზაციებიდანაც, თქვან, რომ ამათთან ურთიერთობა აღარ შეიძლებაო“, -განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ვერცერთ ცივილიზებულ ქვეყანასთან ვერ შეძლო.
„დერეფანი, რომელმაც ამიერკავკასიაში უნდა გაიაროს, ანაკლიის პორტის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება. ახლა უკვე დაძრული უნდა იყოს, უნდა მუშაობდეს ხელისუფლება. ამერიკელები გაყარეს აქედან? ჩინელებთან ერთად რამდენი წელია ეს პროექტი გაჩერებულია. იცით რატომ არის გაჩერებული? იმიტომ,რომ ჩინელები აქ არაფრის გაკეთებას არ აპირებენ. ჩინელების პარტნიორობა „ქართულ ოცნებასთან“ რეალურად ერთი ფარატინა ქაღალდი იყო. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა თავიდან ბოლომდე არის მცდარი. დაფუძნებულია ერთი ავადმყოფი კაცის ფსიქიკურ აშლილობაზე, მეტზე არაფერზე. კაცი, რომელიც „იქ“ გამოკეტილია. თავისი ოჯახის წევრის და დაცვის სამი წევრის გარდა, ერთი ირაკლი კობახიძეს ელაპარაკება და ირაკლი კობახიძე ახლა რანაირი ინფორმაციის მიმტანი უნდა იყოს? ამ ავადმყოფურ დამოკიდებულებაში ჩავაგდეთ ამხელა ქვეყანა, რომელსაც დღეს შეიძლება შესაძლებლობების მილიონი ფანჯარა ჰქონოდა ღია“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, მან ევროსაბჭოს კონგრესის მიერ 1-ელ აპრილს, 50-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ, საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენაზეც ისაუბრა. თაზო დათუნაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებები მკაცრად გააკრიტიკა.
„ეს გაურკვეველი პოლიტიკური სახედარი რას იტყვის, არავის აინტერესებს დედამიწის ზურგზე გარდა „ქართული ოცნების“ იმ ნაწილის ამომრჩევლებისა, რომლებიც ამ სალაფავს ჭამენ. შალვა პაპუაშვილი, ერთი არარაობა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა საზოგადოებაზე, თუმცა არის „ჰიბრიდული ომის“ მანქანის ნაწილი. ბრიტანეთმა ხომ კონკრეტული სახელი დაარქვა „იმედს“, „პოს ტვ“-ის და იმას ,რასაც ისინი აკეთებენ - ეს არის რუსეთის სასარგებლოდ მებრძოლი „ჰიბრიდული ომის მანქანა“. შალვა პაპუაშვილი არის ამ სისტემაში ერთი გასიებული ჭანჭიკი, რომელსაც ტელევიზორში გამოიყვანენ ხოლმე და ყველა სიბინძურეს ათქმევინებენ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მეგობრები არიან, მათი წყალობით არის საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რადგან ისინი ლობირებდნენ. „ მათზე იმის თქმა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რადგან არიან, იქ კომუნიზმი მყარდებაო, ეს არის ისეთი ინტელექტუალური სიბეცე, ისეთი სულიერი სიმდაბლე და ჩაფურთხება ქართველი კაცის სულში. ეს ადამიანები სულ გვერდში გვედგნენ, ბომბებზე გადმოიფინეს აგვისტოს ომის დროს და თბილისში ჩამოვიდნენ რომ დაეცვათ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილის დამსახურება არ არის ის, რომ საქართველოში მშვიდობაა.
„ღმერთმა დაიფაროს ეს მრავალტანჯული ქვეყანა და თითოეული ქართველი, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი გადამრჩენელი იყოს რაიმე ფორმით. დავიქეცით ე.ი. და ეს არის. პაპუაშვილს ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენი პოზიცია უნდა დავიცვათ. ოღონდ რატომ გდია ყოველ დილით იმ ტრიბუნასთან და რატომ ლაპარაკობს მარტო ევროკავშირზე? შე ოჯახაშენებულო, რამდენიც ეკუთვნის რუსეთს, იმდენის თქმის გეშინია, მაგრამ ნახევარი მაინც თქვი, ხანდახან მაინც გააკრიტიკე. ის ხალხი, რომელიც სადაც შენ გდიხარ 30 კმ-ში ჯარი უდგას და შენი ერის გენოციდს აწარმოებს. შენ თუ მხდალი არაკაცი არ ხარ, შალვა პაპუაშვილო, ამას რატომ არ აკეთებ? მაგრამ მშიშარა ხარ და რუსი. შალვა პაპუაშვილი არის „ნამესტნიკი“, საოკუპაციო რეჟიმის ნაწილი. ის არის რუსეთის ჰიბრიდული მანქანის ინსტრუმენტი არა მარტო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ რუსეთ-უკრაინის ომში. შალვა პაპუაშვილი რა სიბინძურესაც აჟღერებს, ამ პროპაგანდას შემდეგ რუსები მერე იყენებენ, მათ შორის უკრაინასთან მიმართებით“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
ამასთან, მან ასევე ნატო-ს ყოველწლიურ ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დაშორდა, რაც ამ ქვეყნის ტრაგედიაა.
„ნატოს-თან გაყრის პროცესი დიდი ხნით ადრე დაიწყო სამწუხაროდ, ეს ტრაგედიაა. ამას ჩვენ თავის დროზე მთელმა საზოგადოებამ ყურადღება ვერ მივაქციეთ. ამ გაყრის პროცესში ნატო მივიდა ამ რიტორიკამდე, მანამდე ის ელაპარაკებოდა საქართველოს, როგორც გარანტირებულად მის მომავალ წევრს, დღეს ისე ელაპარაკება, როგორც სხვა კავკასიურ ქვეყანას, რადგან ნატოსთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ქართულ შეიარაღებულ ძალებთან. ნატო ძალიან ფრთხილი იქნება ამ მიმართულებით, ეს არის კატასტროფა საქართველოსთვის“, -განაცხადა დათუნაშვილმა.