გიორგი შალუტაშვილი - არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს - 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა

არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის - მაგალითად, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს - არაერთი შემთხვევა იყო, რომ მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისთვის, რომ რეალურად სხვებს აზიანებდნენ, 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა - ამ ტურბულენტობაში კონკრეტული ძალები [სტუდენტებს] პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ „არ დაიწყოთ დიალოგი რექტორთან, პედაგოგებთან“, - ამის შესახებ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა კომიტეტის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

შალუტაშვილის თქმით, მათ ბევრი შრომა დასჭირდათ იმისთვის, რომ სტუდენტებისთვის გასაგები გამხდარიყო, რატომ არ უნდა გამოეყენებინათ სცენა აქციისთვის, რადგან რექტორის შეფასებით, „ახალგაზრდები ყველაზე მოწყვლადი, იოლად დასაზიანებელი და „ასაგდები“ ნაწილია“.

როგორც რექტორმა განმარტა, უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტის მიმართულებით ამჟამად აბსოლუტურად შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მიმდინარეობს და დასწრება თითქმის 100%-იანია.

„კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ. არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნების - მაგალითად, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს, მით უმეტეს, თეატრს თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, ნამდვილად ხმამაღლად აქვს სათქმელი. ქართული თეატრი იყო ის ორგანიზაცია და ფენომენი, რომელმაც ეროვნული იდენტობა შემოინახა სწორედ იმ წლების განმავლობაში და გიორგი ერისთავის თეატრიც მაგიტომ შეიქმნა. ქართულ თეატრს სათავეში ედგნენ ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყიფიანი - ორივე მოწამებრივად მოკლული. რასაკვირველია, ამ ტრადიციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ საკმაოდ დიდი ტურბულენტობა და რყევები იყო ჩვენთან. ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის გასაგები გამხდარიყო, რადგან ისინი ყველაზე მოწყვლადი, იოლად დასაზიანებელი და „ასაგდები“ ნაწილი არიან. ცნობილია ისიც, რომ ყველა რევოლუცია სტუდენტების ხელით ხდებაო ამბობენ. ძალზე ადვილია ახალგაზრდა დააჯერო, რომ ხელის გაწვდენაზეა სამოთხე, ხოლო რაც ხდება, ემოციებიდან გამომდინარეობს.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს უნივერსიტეტს, ამჟამად შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მიმდინარეობს სრულიად შეუფერხებლად. დასწრება თითქმის 100%-იანია სწორედ დრამის მიმართულებაზე...

არაერთი შემთხვევა იყო, რომ მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისთვის, რომ რეალურად სხვებს აზიანებდნენ. რეალობა იყო ეს - 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად, 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა. ეს ჩანდა და ამას იყენებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დიდი ძალისხმევის ხარჯზე, მაგრამ დაწყნარდა და დამშვიდდა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გადავა ჩვეულებრივ, ღირსეულ პოლიტიკურ [დიალოგში].

პრობლემა იმაში იყო, რომ ამ ტურბულენტობაში კონკრეტული ძალები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ „არ დაიწყოთ დიალოგი რექტორთან, პედაგოგებთან“. რეალურად, ასე დაზარალდა ისევ ეს თაობა, ბევრმა ვერ გააგრძელა სწავლა“, - განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოწვეული არიან: - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, და “გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის“ პრორექტორი თათია ჩხეიძე.

კომიტეტების სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისა და არსებული გამოწვევების შესახებ მოუსმენენ. საუბრის თემა ასევე იქნება “უმაღლესი განათლების რეფორმის მნიშვნელობა სახელოვნებო-შემოქმედებითი სფეროს მდგრადი განვითარების კონტექსტში“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში