ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე - პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა

პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას [ვაშინგტონში გამართულ გლობალურ სამიტზე - “ერთად უკეთესი მომავლისთვის“] პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა - მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის - “ისტორია დაგიმახსოვრებთ როგორც ქალს, რომელმაც გააერთიანა 45 ქვეყანა და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად გადააქცია“ - გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი წერს, რომელიც აშშ-ში თამარ ბაგრატიონთან ერთად იმყოფებოდა.

”ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონისა და დელეგაციის ოფიციალური მიწვევა აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივის ფარგლებში გამართულ, ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გლობალურ სამიტზე - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ - უნიკალური შესაძლებლობა იყო, 45 ქვეყანასთან ერთად საქართველოს ხმა გაჟღერებულიყო მსოფლიო პლატფორმაზე, რაც გულისხმობს საქართველოს პოზიციონირებას იმ ქვეყნების წრეში, რომლებიც გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში მონაწილეობენ.

პირველი ლედის სიტყვით გამოსვლამ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა - მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის -„ისტორია დაგიმახსოვრებთ, როგორც ქალს, რომელმაც გააერთიანა 45 ქვეყანა და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად გადააქცია,“ - გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა.

მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი თამარის ინტერაქციები აშშ-ის პირველ ლედისთან, ასევე მოწვეული ქვეყნების პირველ ლედებთან, გლობალური სამიტის ინიციატივის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობისა და საერთო ხედვების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ასევე, სამიტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენა, სადაც საშუალება მოგვეცა გავცნობოდით განათლების მიმართულებით უახლეს ინოვაციურ სერვისებსა და ინსტრუმენტებს ისეთი გლობალური კომპანიებისგან, როგორებიც არიან - Starlink, Alpha, Adobe, Microsoft, Meta, OpenAI, Gemini. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სერვისებისა და ინსტრუმენტების ადაპტირება შესაძლებელია ქვეყნის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რაც ქმნის რეალურ და პრაქტიკულ საფუძველს განათლების სისტემის გაძლიერების, ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიმართულებით.

ვაშინგტონში საქართველოს პირველი ლედი დელეგაციასთან ერთად „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს, ბრაიან ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა და შეეხო მომავალი წლის კონგრესის საქართველოში ჩატარების პერსპექტივასა და სამომავლო თანამშრომლობას“, - წერს ბაია კვიციანი.

ცნობისთვის, თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში, აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის - “ერთად უკეთესი მომავლისთვის" სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.ბაგრატიონმა აშშ-ის პირველ ლედის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მელანია ტრამპმა შეძლო დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად ექცია.

“პირველ რიგში, მსურს გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასპინძლის, ქალბატონ მელანია ტრამპის მიმართ. ისტორია დაგიმახსოვრებთ, რომ სწორედ თქვენ შემოიკრიბეთ 45 ქვეყნის წარმომადგენელი ერთ მაგიდასთან და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ.მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იმით იზომება, თუ როგორ იცავს იგი მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მფარველობას. ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა.დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას.ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც გულით ვატარებთ: სურვილი, დავიცვათ ჩვენი შვილები საფრთხისგან. ამავდროულად, მივცეთ მათ თავისუფლება - გაიზარდონ, შეიმეცნონ და ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ეპოქის შესაძლებლობებით. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ჩუმი, უხილავი, თუმცა ძალზე რეალური საზრუნავი, რომელსაც იზიარებს ყველა ოჯახი მთელ მსოფლიოში", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

თამარ ბაგრატიონთან ერთად აშშ-ში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი იმყოფებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში