ნულოვანი ნარჩენების დღის აღნიშვნა ბაქსვუდის სკოლაში

წელს ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ნულოვანი ნარჩენის დღე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად აღნიშნეს. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის წყნეთის კამპუსში მრავალფეროვანი, სახალისო და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც ცირკულარული ეკონომიკის იდეები ყოველდღიურ, პრაქტიკულ გადაწყვეტებად აქცია.

მოსწავლეებმა სასკოლო პროექტები წარადგინეს, რომელთა მეშვეობით მათ ნარჩენების მდგრადი მართვის გზებს გაეცნენ, ცირკულარული ეკონომიკის საწყისები შეისწავლეს და შემდეგ, ეს თეორიული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენეს.

ერთ-ერთი სასკოლო პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა თავიანთ სკოლაში ნარჩენების აუდიტი ჩაატარეს, მათი რაოდენობა შეაფასეს და ნარჩენების შემცირებისა თუ ხელახლა გამოყენების გზები შეიმუშავეს. სხვა პროექტები მეორადი მასალისგან ხელნაკეთი ნივთების დამზადებასა და თანატოლებისთვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ითვალისწინებდა.

ნულოვანი ნარჩენის დღეს გამართულ ღონისძიებაზე, საუკეთესო პროექტები წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდა, რომლებიც მოსწავლეებს ევროკავშირისა და UNDP-ის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს ახალი ციფრული გამოწვევა „აირჩიე გონივრულად“ (Choose Smart) გააცნეს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ცირკულარული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. მაგალითად, საყოფაცხოვრებო და საკვები ნარჩენების შემცირებას ან ნივთების შეკეთებასა და ხელახლა გამოყენებას.

ღონისძიების მონაწილეებმა ასევე გამოსცადეს ახალი სამაგიდო თამაში „ჩომპო-კალიფსი“, რომელშიც მოთამაშეებმა ნარჩენების მონსტრი ჩომპო უნდა დაამარცხონ და საკუთარი სახლისა თუ ქალაქის მწვანე და სუფთა გარემოზე იზრუნონ. თამაშის სამაგიდო ვერსია ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი საჯარო წარდგენა სწორედ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა.

„ჩვენი ეკონომიკის მომავალი ცირკულარულია. მისასალმებელია, რომ საქართველოში, ცირკულარული მომავლის ხედვა ახალგაზრდების აქტიური მხარდაჭერით სარგებლობს. ევროკავშირი მოხარულია ხელი შეუწყოს მათი იდეების განხორციელებასა და ლიდერობას უფრო მდგრადი მომავლის შექმნის გზაზე“, - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, მდგრადი განვითარება არა მხოლოდ შესწავლის საგანია. ეს ცხოვრების წესი და პრაქტიკული საქმიანობაა. ახალგაზრდა თაობა აცნობიერებს, რომ წარმოება, მოხმარება და ნარჩენების მართვა პლანეტის მომავალსაც განსაზღვრავს და ჩვენს პირად კეთილდღეობასაც“, - აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

ნულოვანი ნარჩენის დღის აღნიშვნას წინ ორკვირიან საგანმანათლებლო კამპანია უძღოდა, რომლის დროსაც ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლისა და რამდენიმე სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრები, პრაქტიკული სემინარები და ახალგაზრდული დებატები გაიმართა.

„გარემოსდაცვითი ცნობიერება თანამედროვე განათლების განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა თანამედროვეობის გამოწვევებზე სრული ინფორმაცია მიიღონ. ეს ცოდნა მათ ცნობიერი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებისთვის მოამზადებს“, - თქვა არჩილ სუმბაძემ, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის აკადემიურმა დირექტორმა.

ნულოვანი ნარჩენის დღის აღნიშვნა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში.

გაეროს ერთობლივი პროგრამა „მწვანე და ინკლუზიური ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანია გრძელვადიანი სისტემური ცვლილების მიღწევა ცირკულარული ეკონომიკის ასაშენებლად. პროგრამას საერთაშორისო ორგანიზაციების კონსორციუმი უძღვება, გაეროს სააგენტოებისა და ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს შემადგენლობით. ორწლიანი პროგრამის (2025-2027) ბიუჯეტი 4.4 მილიონ ევროს შეადგენს.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში