გიორგი შარაშიძე კობახიძისა და რუბიოს საუბარზე - ეს ერთი კონკრეტული სატელეფონო საუბარი ვერ „გასაღდება“ ლეგიტიმაციად „ოცნებისთვის“, მთავარია, რაზე იყო საუბარი და ამას დრო გამოაჩენს - შევხედოთ, რა ქმედებები ექნება „ოცნებას“

ეს ერთი კონკრეტული სატელეფონო საუბარი ვერ „გასაღდება“ და ვერ „შეიფუთება“ გარკვეული ტიპის ლეგიტიმაციად „ოცნებისთვის“ - მთავარია, რაზე იყო საუბარი და ამას დრო გამოაჩენს - შევხედოთ, რა ქმედებები ექნება „ოცნებას", რამდენად შეიცვლის საკუთარ პოლიტიკას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველას ელაპარაკება და აქ მთავარია, რაზე ისაუბრეს მარკო რუბიომ და ირაკლი კობახიძემ.

„ზოგადად, რთულია სერიოზული კომენტარის გაკეთება სატელეფონო კომენტარზე, რომლის შინაარსიც ცნობილი არ არის. ეს ინფორმაცია, რაც გამოვიდა, იმდენად მშრალია, რომ სერიოზული კომენტარს ვერ გავაკეთებ.

„ოცნების“ მხრიდან თავად საუბრის, დიალოგის „გასაღება" რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად, ჩემი აზრით, არაა სწორი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველას ელაპარაკება. აქ მთავარია, რაზე იყო საუბარი, რა თემებს შეეხებოდა. ჩვენ შეგვიძლია ვარაუდები გამოვთქვათ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუბარი შეეხებოდა ირანში მიმდინარე პროცესებს. ეს საკმაოდ ლოგიკური და გასაგები იქნება. სხვა დანარჩენს უბრალოდ დრო გამოაჩენს. რადგან „ოცნება" არ აპირებს ამ საუბრის შინაარსის გასაჯაროებას, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, შევხედოთ, რა ქმედებები ექნება „ოცნებას", რამდენად შეიცვლის საკუთარ პოლიტიკას და აქედან გამომდინარე, უკვე გასაგები გახდება, თუ რას შეეხებოდა საუბარი.

ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც შეეხებოდა მხოლოდ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების თემას. „ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაერთო ერთგვარი გადატვირთვის პერსპექტივებზე საუბარი. ეს ერთი კონკრეტული სატელეფონო საუბარი ვერ „გასაღდება" და ვერ „შეიფუთება" გარკვეული ტიპის ლეგიტიმაციად „ოცნებისთვის". მთავარია, რაზე იყო საუბარი და ამას დრო გამოაჩენს. მალევე გახდება გასაგები, რაც შეეხებოდა საუბარი," - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც.

"ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო