ტატა ხვედელიანი - თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც განათლების რეფორმას „ნაცების“ ციხეების უფროსს აკეთებინებს და თანაც დაჩქარებული წესით - რამდენი მშობელი გაუშვით ამ შენობიდან ატირებული?!

თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც განათლების რეფორმას „ნაცების“ ციხეების უფროსს აკეთებინებს და თანაც დაჩქარებული წესით - რამდენი მშობელი გაუშვით ამ შენობიდან ატირებული?! - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

სესიაზე დაჩქარებული წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილეს, რომლის მიხედვით, პირველ კლასში რეგისტრაციის უფლება მიეცემათ ბავშვებს, რომლებიც 6 წლის 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხდებიან და შესაბამისი ნორმა კანონში გამონაკლისის სახით აისახება.

როგორც ხვედელიანმა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას განაცხადა, მადლობა ეკუთვნით ბავშვების დედებს, რომლებმაც საკუთარი შვილების მომავლისთვის იბრძოლეს და შედეგს მიაღწიეს.

მისივე შეფასებით, „ოცნების“ ჩვეული ხელწერაა განათლებასთან დაკავშირებული საკითხების მიფუჩეჩება, დაჩქარებულად და გაუაზრებლად დაკანონება.

„იცით, რატომ გვიწევს ამ გამონაკლისის მიღება ახლა და ასე ნაჩქარევად? იმიტომ, რომ რეფორმა, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, არავითარ კვლევას არ ეფუძნება. ეს არ არის გააზრებული ნაბიჯი, არ გიფიქრიათ არც რისკებზე და არც შედეგებზე. რეფორმის განხილვის ბევრჯერ გკითხეთ, დაგესახელებინათ ექსპერტები, რომლებიც ამ რეფორმის შემუშავებაში იყვნენ ჩართული, ბევრჯერ მოგიწოდეთ მოგეტანათ კვლევები, რომლებსაც ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ რეფორმაშია. თუმცა არც ჩვენს კითხვებზე გქონდათ პასუხები და არც რაიმე სახის კვლევა თუ დასკვნა წარგიდგენიათ.

სწორედ ამიტომ მოუწიათ ბავშვების მშობლებს, რომელთა ბედსაც ჩვენ დღეს ვწყვეტთ, ბრძოლა საკუთარი შვილების მომავლისთვის. იმის შემდეგ, რაც განათლების კომიტეტმა უარი უთხრა მშობლებს ამ გამონაკლისის გაკეთებაზე, მათ კიდევ მოუწიათ ქუჩაში დგომა და ბრძოლა საკუთარი შვილების მომავლისთვის. რამდენი მშობელი გაუშვით ამ შენობიდან ატირებული.

მაშინ, როდესაც ასეთი ბავშვების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში 8 000-მდეა, სკოლაში წასასვლელად მომზადებულ ბავშვებს თქვენ უარს ეუბნებოდით რეგისტრაციაზე.

დღეს მადლობა ეკუთვნით ამ ბავშვების დედებს, რომლებმაც იბრძოლეს საკუთარი შვილების მომავლისთვის და მიაღწიეს შედეგს. ასე იბრძვიან ჩვენს ქვეყანაში დედები, რომლებიც ითხოვენ მათი შვილების მკვლელების დასჯას - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დედები, რომლებიც ითხოვენ საკუთარი შვილებისთვის წამლებს და ასე იბრძვიან დედები დღესაც ნაძალადევის რაიონში მათი შვილებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით. ბავშვები ითხოვენ თქვენგან დაპირებულ მეთოთხმეტე სკოლას, რომელიც თქვენ დახურეთ, შეჰპირდით მათ, რომ მალე აუშენებდით თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობას და მეხუთე წელია ვერ ააშენეთ. ამის მიზეზი კი კორუფციაა, ისევე როგორც ის ბაღები, რომელთა ამშენებლობისა და გამოყოფილი თანხების მითვისების გამო თქვენი გუნდის წევრები რამდენიმე დღის წინ დააკავეთ.

დღეს ამ კანონპროექტს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება იმისთვის, რომ ამით მაინც შევძლოთ იმ შედეგების შემსუბუქება, რასაც განათლების ეგრეთწოდებული თქვენი რეფორმა მოიტანს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო