საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მსუბუქი ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით ფრაქცია „საქართველოსთვის“ ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მსუბუქი ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით ფრაქცია „საქართველოსთვის“ ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტმა უარი თქვა ოპოზიციის ალტერნატიული პროექტის გაზიარებაზე, რომელიც 0-დან 10 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას, ხოლო 4.5-ლარიანი ტარიფის გავრცელებას მხოლოდ 10 წელზე უფროსი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე ითვალისწინებს.

იმავდროულად, კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების პროექტს დაუჭირა, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე - 4.5 ლარის ოდენობით იქნება.

ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა წარუდგინა. როგორც ინიციატორმა განმარტა, „ქართული ოცნების“ პროექტი არსებულ სოციალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს და ავტომობილებს მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელს ხდის. ფილფანის თქმით, თუკი საუბარია გამონაბოლქვით გამოწვეულ ზიანზე, 2017 წელს წარმოებული ევრო 6-ის სტანდარტის ავტომობილები ამ თვალსაზრისით ისეთივე უსაფრთხოა, როგორც 2025 წელს გამოშვებული ავტომობილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ, რომელიც უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტის მომხსენებელია, აღნიშნული არგუმენტი არ გაიზიარა და განაცხადა, რომ განბაჟების დაბალი ტარიფები მოძველებული ავტომობილების იმპორტის დინამიკას ზრდის, რის შეცვლასაც ხელისუფლება ცდილობს. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკოლოგიური და ჯანდაცვის თვალსაზრისით, რაც სახელმწიფოს ძვირი უჯდება.

„გვინდა, რომ მოხდეს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის სტიმულირება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მსუბუქი ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებულ პროექტს, რომლის შედეგად 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე განბაჟების საფასური მნიშვნელოვნად იზრდება, პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით - დაჩქარებული წესით განიხილავს.

ფრაქცია „საქართველოსთვის“ ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება სესიაზეც იქნება წარდგენილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო