არ მჯერა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა ასეთი განცხადება გააკეთა. მგონი, ასეთი ბრიყვები არ უნდა იყვნენ, რომ ასეთი განცხადებები აკეთონ, - ასე ეხმაურება ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს.
მისივე თქმით, რუსეთის სადაზვერვო სამსახური „არ გააკეთებდა ასეთ სისულელეს“.
„მე თვალით არ მინახავს განცხადება. მეორეც კიდევ, არ მჯერა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა ასეთი განცხადება გააკეთა. მგონი, ასეთი ბრიყვები არ უნდა იყვნენ, რომ ასეთი განცხადებები აკეთონ. მგონი, ეს არ იქნება ორიგინალი, ავთენტური.
ჩემი აზრით, თუ არის კიდევაც მსგავსი განცხადება, შეთხზული იქნება. არ ვენდობი ამ ინფორმაციას, უგუნურება არის რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ასეთი განცხადებების კეთება. ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევენ, არ გააკეთებენ ტყუილად ასეთ სისულელეს, არა მგონია მე“, - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა. „ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის დაწინაურება სურს, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს. ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.