ტატა ხვედელიანი - განათლების სამინისტრო აბიტურიენტების რეგისტრაციას ქაოსითა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვადების უხეში დარღვევით ხვდება - დღემდე არ არის გამოქვეყნებული სრულყოფილი ინფორმაცია პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების შესახებ

აბიტურიენტების რეგისტრაცია ორშაბათს იწყება, მაგრამ დღემდე არ არის გამოქვეყნებული შესაბამისი „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ და არ არის ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების შესახებ - სამინისტრო ამ პროცესს ქაოსითა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვადების უხეში დარღვევით ახორციელებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გამოწვევები, რომლებიც მნიშვნელოვნად ართულებს აბიტურიენტთა მდგომარეობას და არღვევს მათ უფლებებს.

პარტია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდებს, განათლების რეფორმა უკან გაიწვიოს.

„2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე იწყება - ეს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა, სწორედ იმ დროს, როდესაც აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, სამინისტრო ამ პროცესს ქაოსითა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვადების უხეში დარღვევით ახორციელებს.

„ოცნების“ განათლების რეფორმა მიმდინარეობს ისე, რომ დადგენილი არ არის უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი და უნივერსიტეტებს დღემდე უწევთ მუშაობა დაუზუსტებელი ბიუჯეტით.

აბიტურიენტების რეგისტრაცია ორშაბათს იწყება, მაგრამ დღემდე არ არის გამოქვეყნებული შესაბამისი „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ და არ არის ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების შესახებ, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ეს ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე, რეგისტრაციამდე იყო ხელმისაწვდომი და აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ.

მთავრობის მიერ თავდაპირველად გამოცხადებული კვოტები არ ითვალისწინებდა რეალობას, რაზეც ჩვენმა პარტიამ განხილვების დროს პარლამენტში არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება. სამინისტრომ კატეგორიულად გამორიცხა კვოტების რაოდენობის ცვლილება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა „ოცნებისთვის“, რომ ეს საკითხი მათ ელექტორალურად აზიანებდა, გადაწყდა 2028-2029 წლებში კვოტების გაორმაგება.

ასევე ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა - როგორ უნდა მოხდეს ახალი პროგრამების დროული აკრედიტაცია, როცა უნივერსიტეტების უმრავლესობაში პროგრამები და კრედიტების რაოდენობა შეცვლილია. მაგალითად, გაურკვეველია, როგორ მოხდება სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულებით სტუდენტების ჩარიცხვა.

ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა - რატომ მოხდა შრომის ბაზრის კვლევის გათვალისწინება და კვოტებში ასახვა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მაშინ როდესაც კერძო უნივერსიტეტებში კვოტები უცვლელი დარჩა?! ყველა ეს გამოწვევა ერთობლივად მნიშვნელოვნად ართულებს აბიტურიენტთა მდგომარეობას და არღვევს მათ უფლებებს. მოვუწოდებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უკან გაიწვიოს რეფორმა, რომელიც ანგრევს განათლების სისტემას და აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს," - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ