კახა კალაძე - ლილოს თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია - ასეთი ნაბიჯებითა და ქმედებებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ, მოქალაქეთა ნაწილის მიერ განხორციელებული ქმედებები „კატეგორიულად მიუღებელია“.

როგორც კახა კალაძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, საზოგადოებამ იხილა თემით სპეკულაციისა და ტყუილის გავრცელების მაგალითი.

„გუშინ ლილოს თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებულნი არიან, ზოგი ცოფის, ზოგი სხვა მძიმე ავადმყოფობის გამო, დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები.

ის ქმედებები და დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია.

ამ ტიპის ნაბიჯებითა და ქმედებებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, თუნდაც მიუსაფარი ცხოველების მიმართ, არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტი მრავალ ნაბიჯს დგამს.

„ლილოში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც თავშესაფარი გაფართოვდება და ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, რომ დამატებით 300 ძაღლისთვის ვოლიერები გაკეთდეს.

გარდა ამისა, გლდანის რაიონში ხორციელდება ახალი თავშესაფრის პროექტი, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები დაიძლიოს და მოსახლეობას ჩვენი მხრიდან ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა ამ საკითხში.

კვლავ გავიმეორებ, რომ ის, რაც სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით ბოლო წლებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გააკეთა, არასდროს გაკეთებულა, ეს მისასალმებელია და წინ გადადგმული ნაბიჯებია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ