ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, თუ ჩვენ ვიქნებით ფხიზლად, ფრთხილად, გავაგრძელებთ ჩვენს პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი არა საქართველოს გულშემატკივარი, არამედ გარე ძალების დაკვეთის შემსრულებელია.
„ესენი არ არიან საქართველოს გულშემატკივრები, ისინი არიან დაკვეთის შემსრულებლები. მუდმივად ვსაუბრობდი, რომ მათი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი იყო იმიტომ, რომ გარედან დაავალეს. რატომ არ არის დღეს სალომე ზურაბიშვილი? იმიტომ, რომ გარედან დაინახეს, რომ ეს ქალი ამ დავალებას კარგად ვერ ასრულებს. ახლა მათი ლიდერი ნიკა გვარამია იქნება და არც დამალა გვარამიამ. რა თქმა უნდა, შეთანხმება იყო ჩვენს გარე პარტნიორებთან. მეტი რაღა უნდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა. მთავარი საკითხია, რომ არ მოვტყუვდეთ ამ დამოკიდებულებაში და ვიბრძოლოთ, როგორც აქამდე ვიბრძოდით. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, თუ ჩვენ ვიქნებით ფხიზლად, ფრთხილად, გავაგრძელებთ ჩვენს პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას. ეს პროცესები შეიძლება არც არასდროს დამთავრდეს, ეს ჩვენი მოცემულობაა“,-განაცხადა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.