ბერდია სიჭინავა ე.წ. ჩორჩანას საქმეზე - დღევანდელ პროცესზე მოწმეებად პარტიული მუშაკები წარმოადგინეს, რომლებმაც ცრუ ჩვენებები მისცეს

დღევანდელ პროცესზე მოწმეებად პარტიული მუშაკები წარმოადგინეს, რომლებმაც ცრუ ჩვენებები მისცეს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დღევანდელ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საქმეს ეხებოდა.

სიჭინავას განმარტებით, ერთ-ერთი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება მისსავე ნათქვამს ეწინააღმდეგებოდა, რომელიც 2019 წელს გააჟღერა და სადაც სხვა პოზიცია ჰქონდა ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თუ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდეგ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავა.

„დღეს არსებითი განხილვა დაიწყო ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, მოწმეების გამოკითხვა იყო და პირველი ვინც წარმოადგინეს მოწმედ, „ქართული ოცნების“ პარტიული მუშაკები იყვნენ. ერთი არის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული და მეორე სპეციალისტი.

ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იქნება და ამ პარტიის წევრი. ასეთი მოწმეები იყვნენ დღეს წარმოდგენილი, რომლებსაც ცრუ ჩვენებები მიაცემინეს სასამართლო პროცესზე იმიტომ, რომ მათივე წარდგენილ მტკიცებულებებს საქმეში ეწინააღმდეგებოდა ის ინფორმაციები, რაც ამ ადამიანებმა გააჟღერეს და საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებოდნენ ეს ადამიანები იმიტომ, რომ ერთ-ერთი პიროვნება, ვაჟა ლომიძე 2019 წელს სხვას ამბობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და დღეს უკვე სხვას ამბობს. თუმცა, ასეთია ამათი ქცევის მოდელი, არაფერი არ იცვლება.

ეს არ არის საქმე, რომელიც კომფორტულია თავად პროკურორებისთვის და სასამართლოსთვის. თავადაც კარგად ხვდებიან, რეალურად რა საქმე აწერიათ მათ, თუმცა მოლოდინი ნაკლებად მაქვს, რომ მართლმსაჯულებაში რაიმე სამართალს ვიპოვით ადგილობრივ დონეზე, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მას შემდეგ, რაც შიდასამართლებრივ მექანიზმებს ამოვწურავთ აპელაციისა და კასაციის სახით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აუცილებლად წავა ეს საქმე და აუცილებლად დადგინდება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ძალიან მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ გამოძიების პროცესშიც დაცვის უფლებაა დარღვეული, კონკრეტულ შემთხვევებში საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ პირდაპირ ადგენს, რომ გიორგი გახარიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ამას ბუნებრივად ვერ აუვლის გვერდს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, - განაცხადა სიჭინავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე