სახალხო დამცველმა მცირე საოჯახო ტიპის სახლი და შშმ პირთა დღის ცენტრი მოინახულა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მცირე საოჯახო ტიპის სახლი და შშმ პირთა დღის ცენტრი „ანიკა“ მოინახულა.

ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ფიზიკური გარემო, გაესაუბრა სახლის ხელმძღვანელს და დასაქმებულ პირებს, განიხილა ბავშვთა ზრუნვის სფეროში არსებული გამოწვევები, ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და გრძელვადიანი გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურად მიუთითებს არასრულწლოვანებზე ორიენტირებული სერვისების გაფართოების, გაძლიერებისა და ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ განაგრძობს ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს და გამოკვეთილი მიგნებების შესაბამისად, უფლებამოსილების ფარგლებში, გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.

ასოციაცია „ანიკას“ დღის ცენტრში ამჟამად, 12 შშმ ბავშვი და 38 ზრდასრული შშმ პირი იღებს მომსახურებას. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა სახალხო დამცველთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მათზე მორგებული მომსახურებების უწყვეტად და ხარისხიანად მიწოდების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურებების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოციალური რგოლის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

სახალხო დამცველი ასოციაცია „ანიკას“ ბაზაზე დანერგილი პოზიტიური პრაქტიკებითაც დაინტერესდა. განსაკუთრებით დადებითად შეაფასა ასოციაციის მუშაობა ბენეფიციართა პროფორიენტაციისა და დასაქმების ხელშეწყობის, ასევე, სამუშაო ადგილებზე მხარდაჭერის გაწევის მიმართულებით.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოწვევას წარმოადგენს დღის ცენტრების მომსახურებისთვის გათვალისწინებული ვაუჩერული დაფინანსების მწირი ოდენობა და ზრდასრული შშმ პირებისთვის შესაბამისი სარეაბილიტაციო მომსახურებების არარსებობა, მათ შორის, რთული ქცევის მართვის თვალსაზრისით. არსებული დაფინანსება, დონორული მხარდაჭერის გარეშე, მნიშვნელოვნად აფერხებს დღის ცენტრებში ყველა საჭირო სპეციალისტის დასაქმებას, კვალიფიციური კადრების გადინების პრევენციასა და მომსახურების ხარისხს. ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერება მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული კომპონენტის გაძლიერების მიზნებისთვისაც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე