ირაკლი ფავლენიშვილი - ფარცხალაძე რუსეთის გაცხადებული აგენტია და საქმეები აღძრა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რაზეც პრორუსი პოლიტიკოსები იკითხებიან - სხვა რა უნდა მოხდეს, რათა ყველა მიხვდეს, რომ ის პუტინის პატიმარია?

ხალხი ჩადიოდა ოკუპანტის ქვეყნის ლიდერთან, რომლის ერთადერთი მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება. რაზე უნდა ემსჯელათ? ძალიან სწორს ეუბნებოდა მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ჩვენების მიცემას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, არ არის აუცილებელი ადამიანი აგენტი იყოს, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდეს.

„შეიძლება ფინანსური მოტივაცია ამოძრავებდეს, ან პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდება. სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანების დიდი ნაწილი აგენტია, მაგრამ დიდი ნაწილი ფინანსურ საცდურს ვერ უვლის გვერდს. არ არსებობს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელსაც მსგავსი რამ არ მოსვლოდა.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი აგენტი იყო, თუ რუსეთის ინტერესების პირდაპირი შემსრულებელი იყო, თანამშრომლობდნენ და ასრულებდნენ რუსეთის ინტერესებს. ხალხი ჩადიოდა ოკუპანტის ქვეყნის ლიდერთან, რომლის ერთადერთი მიზანია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება. რაზე უნდა ემსჯელათ? ძალიან სწორს ეუბნებოდა მიხეილ სააკაშვილი [ზურაბ ნოღაიდელს]. პუტინს პოსტსაბჭოთა ქვეყნის არცერთი ქვეყნის მიმართ კეთილშობილი მიზნები არ ამოძრავებს. არსებობენ ასეთი ადამიანები და მათი ჩვენებების საფუძველზე ზის ციხეში მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე „არ მალავს, რომ რუსეთის აგენტია“ და აღნიშნა, რომ მისი პროკურორობის პერიოდში აღიძრა საქმეები სააკაშვილის წინააღმდეგ.

მისი შეფასებით, აღნიშნულ საქმეებზე „პრორუსი პოლიტიკოსები“ იკითხებიან.

„ოთარ ფარცხალაძე არის ადამიანი, რომელიც არ მალავს, რომ რუსეთის აგენტია. მისი პროკურორობის დროს არის ეს საქმეები აღძრული. ადამიანი, რომელიც რუსეთის გაცხადებული აგენტია, ამდენი საქმე აღძრა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ხოლო ამ საქმეებზე პრორუსი პოლიტიკოსები იკითხებიან. სხვა რა უნდა მოხდეს, რომ ყველა მიხვდეს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, ფავლენიშვილმა, „პოლიტიკური პატიმრების სიასთან“ დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ფავლენიშვილის განცხადებით, აღნიშნული სია არაპარტიულმა, აქტიურმა მოქალაქეებმა შეადგინეს, რომლებიც ყოველდღიურად მონაწილეობენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

ფავლენიშვილის თქმით, სიის შემდგენელ აქტივისტებთან პირადი კომუნიკაცია არ ჰქონია და მათ დამოუკიდებლად იმოქმედეს. ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ პირებს არანაირი კავშირი არ აქვთ „ოპოზიციურ ალიანსთან“.

„ეს სია არაპარტიული ადამიანების მიერ არის შედგენილი, ადამიანების რომლებიც აქტიური მოქალაქეები არიან, რომლებიც რუსთაველის პროტესტში ყოველდღიურად იღებენ მონაწილეობას. ამ ადამიანებმა შეადგინეს სია. სიის შედგენის დროს მათ იხელმძღვანელეს საკამათო პრინციპით, სწორად არ მიმაჩნია პოლიტიკური პატიმრები წლების მიხედვით დაყო. პოლიტიკური პატიმარია ადამიანი, 2023 წელს რომ დაიჭირეს, უფრო უნდა გამოუშვან, რადგან უფრო დიდი ხანია უკანონოდ და უსამართლოდ ზის ციხეში. 2024 წლიდან, 2026 წლამდე, ვინც პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები იმ ხალხის სია ჰქონდათ შედგენილი. საბოლო ჯამში, ეს პრობლემა აღმოიფხვრა.

სახელი და გვარები არ მახსოვს, რამდენიმე აქტივისტი იყო. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, თვითონ შეადგინეს სია. „ოპოზიციურ ალიანსთან“ არანაირი შემხებლობაში არ არიან. სია თუ გახდება საჭირო, არ იქნება პრობლემა, რადგან „ალიანსის“ მიერ მიხელი სააკაშვილი აღიარებულია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. რომ არ იყოს , „ნაციონალური მოძრაობა“ არც იქნებოდა ალიანსის წევრი“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა