გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი - ვფიქრობ, გამოძიება შეცდომაშია შეყვანილი იმ მტკიცებულებებით, რომელსაც დღეს ეყრდნობა - ჯერჯერობით, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის

ვფიქრობ, გამოძიება შეცდომაშია შეყვანილი იმ მტკიცებულებებით, რომელსაც დღეს ეყრდნობა, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, ლილუაშვილის წინააღმდეგ ირიბი მტკიცებულებების გარდა, ვერაფერი მოიპოვეს.

„მიგვაჩნია და ვადასტურებთ, რომ მიმდინარე საქმეზე რამე ახალი, განსაკუთრებული, პირდაპირი მტკიცებულება არ შემატებია. ვფიქრობთ, მოცემული მტკიცებულებები არ უნდა იყოს საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასაყენებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება შუამდგომლობები, რასაც დავაყენებთ.

საგამოძიებო პერიოდი გახანგრძლივდა, მაგრამ არანაირი პირდაპირი მტკიცებულება საქმეს არ დამატებია. ირიბი მტკიცებულებების სიმრავლე არ ნიშნავს დანაშაულის დადასტურებას",- განაცხადა გრიგალაშვილმა.

კითხვაზე, საქმეში დევს თუ არა ლილუაშვილის წინააღმდეგ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიერ მიცემული ჩვენება, რადგან სწორედ მისი დახმარებით ქრთამის აღების ორ ეპიზოდს ედავებიან სუს-ის ყოფილ უფროსს, ადვოკატი პასუხობს, რომ „საქმეზე გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე" ამაზე ვერ ისაუბრებს.

"ჩვენ არ გვაქვს პოზიცია რომ სხდომა დახურული იყოს, დასამალი არაფერი არ გვაქვს, მითუმეტეს, წარმოდგენილი მასალები არ იძლევა იმის საშუალებას, გრიგოლ ლილუაშვილი ცნობილი იყოს ასეთ კორუფციულ დანაშაულში. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს",- აცხადებს გრიგალაშვილი.

კითხვაზე, ხომ არ დაწყებულა ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, ადვოკატმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„ჯერჯერობით საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის. საპროცესო შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურატურას შორის ფორმდება, ჯერჯერობით პროკურატურასთან საუბარი არ გვქონია",- განაცხადა გრიგალაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ დააკავეს ლილუაშვილი, რას ამბობს ის, ადვოკატი ასე პასუხობს:

„ვფიქრობ, გამოძიება შეცდომაშია შეყვანილი იმ მტკიცებულებებით, რომელსაც დღეს ეყრდნობა. რა მტკიცებულებებიც შეიქმნა, წარმოიქმნა მცდარი აზრი მისი ბრალეულობის შესახებ",- განაცხადა გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ