იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ კანონის პროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ კანონის პროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტის განხილვა, რომელიც ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფო ხორგუანმა წარადგინა, ხმაურის ფონზე წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ კანონპროექტისთვის მხარის არ დაჭერა განხილვის პროცესს არ აჩერებს და ის პირველი მოსმენით განსახილველად პლენარულ სხდომას წარედგინება.

ცნობისთვის, ფრაქცია „საქართველოსთვის“ კანონის პროექტის შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა, რომელიც აღსრულებულია, პირს უკან უნდა დაუბრუნდეს და კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის სახელდაუდებლად ჩაითვალოს.

ინიციატორების განმარტებით, საქართველოში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მაღალი ინფლაციითა და უმუშევრობით გამოიხატება, ადმინისტრაციულ სანქციებსა და საურავებს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დაუძლეველ ბარიერად აქცევს. ფრაქცია „საქართველოსთვის“ შეფასებით, ხშირად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174¹ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმების მოცულობა საშუალო სტატისტიკური ოჯახის თვიურ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად სცილდება, რაც მოქალაქეებს უკიდურეს სიღარიბეში აგდებს.

„ამასთანავე, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მსგავსი ჰუმანური ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამოქალაქო კონსოლიდაციას. საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის ჯარიმების გაუქმება განმუხტავს საზოგადოებაში არსებულ უსამართლობის განცდას“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა