ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმას ბრალდება წარედგინა - გამოძიების თანახმად, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული შელაპარაკების გამო, ბრალდებულმა და თანმხლებმა პირებმა ხელკეტებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმას, ქენან ისმაილოვს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2026 წლის 6 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების გამო, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად, ხელკეტების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა