კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ განათების აპარატურა შეიძინეს რუსთაველის თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა კონკრეტული "ვეფხისტყაოსნის” სპექტაკლისთვის

საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ განათების აპარატურა შეიძინეს რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა კონკრეტული "ვეფხისტყაოსნის” სპექტაკლისთვის.

განცხადებაში კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.

რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა.

შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნის" გასანათებლად 820 400 ლარი დაიხარჯა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა