იაგო კაჭკაჭიშვილი - „ქართულ ოცნებას“ რუსულ რეჟიმთან ანათესავებს მართვის ავტორიტარული სტილი - საპროტესტო შეძახილების საფუძველი, რაც რუსთაველის გამზირზე მოვისმინეთ არის ის, რომ ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის იდეალს უღალატა

ძალიან სამწუხარო რეალობაა, როდესაც ხელისუფლებას 9 აპრილის მემორიალთან პოლიციის კორდონის გავლით უწევს პატივი მიაგოს 9 აპრილის მსხვერპლებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს ლეგიტიმაციის კრიზისს განიცდის, - ამის შესახებ სოციოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა.

როგორც კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობა დაბალია - „სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის იდეალს და იდეალის განხორციელების გზებს უღალატა“.

კაჭკაჭიშვილმა განმარტა, რომ 9 აპრილის კონტექსტში მიმდინარე პროტესტი მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურსს უკავშირდება.

მისივე შეფასებით, სწორედ ასეთმა პოლიტიკამ განაპირობა ის საპროტესტო შეძახილები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ისმოდა.

„9 აპრილის კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლების მიმართ პროტესტი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკით. ამას არ შეიძლება ვუწოდოთ არა დასავლური, რადგან ეს არის ანტიდასავლური პოლიტიკა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მტრული რეჟიმი ჩამოყალიბდა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპულ სტრუქტურებს შორის. ეს არის იმ საპროტესტო შეძახილების საფუძველი, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე მოვისმინეთ. ის, რაც „ქართულ ოცნებას“ რუსულ რეჟიმთან ანათესავებს, არის მართვის რუსული ანუ ავტორიტარული სტილი. ეს ბევრი ნიშნით დასტურდება - კანონმდებლობის დონეზე, ძალაუფლების მიტაცების თვალსაზრისით, არჩევნებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით და ა.შ „ქართული ოცნების“ მართვის სტილი ჰგავს რუსულ მართვის სტილს, ამაში გამოიხატება მისი პრორუსულობა“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

სოციოლოგმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ხალხის მიერ დასავლელი დიპლომატების მიმართ გამოხატული მხარდაჭერა აჩვენებს ქართული საზოგადოების პროდასავლურ მისწრაფებებს.

“ბუნებრივია, დასავლეთის ქვეყნების ელჩები მხარდაჭერას და სოლიდარობას გამოხატავენ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის მიმართ, ვისაც სურს საქართველოს ინტეგრირება დასავლურ სივრცეში. როდესაც ელჩები, ამ შემთხვევაში გერმანიის ელჩი, ხედავს, რომ რუსთაველზე შეკრებილები ესალმებიან არა, როგორც კონკრეტულად ელჩს, არამედ იმ ადამიანს, რომელმაც საქართველოს ევროპული გზის გამყარება უნდა უზრუნველყოს, ეს სწორედ დასავლური განწყობების გამოხატულებაა. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ელჩებს, განსაკუთრებით გერმანიის ელჩს აკრიტიკებს, ეს არ არის ახალი“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

გარდა დღეს განვითარებული მოვლენებისა, მან ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.

კაჭკაჭიშვილის თქმით, „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნით ჩამოყალიბდა საწყისი სამოქმედო პლატფორმა, რომელმაც გარკვეული შიდა რყევების მიუხედავად ერთიანობის შენარჩუნება შეძლო.

თუმცა, კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ჯერ არ არის საკმარისი საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის ნდობის სრულად მოსაპოვებლად. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია დრო და ამ დროის განმავლობაში ერთობლივი, თანმიმდევრული მოქმედება.

„ოპოზიციური ალიანსის“ შექმნით, როგორც საწყისი სამოქმედო წერტილი შექმნილია. საქმისთანავე გარკვეული რყევა განიცადა, მაგრამ გადახარშა შიდა დაძაბულობა. ვხედავთ, რომ ის ერთიანობას ინარჩუნებს. ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას ინარჩუნებენ. არამხოლოდ არ ესხმიან თავს, არამედ ერთობლივი გეგმებითაც ახსენებენ თავს საზოგადოებას, ეს არის ის გეგმა, რაც უკავშირდება 26 მაისის საპროტესტო აქციას. მიუხედავად, ამისა ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოების ოპოზიციურმა ნაწილმა ამ პარტიების მიმართ ნდობა ისევ გაიმყაროს. ამისთვის საჭიროა დრო და დროის მანძილზე ერთად მოქმედების სინერგიაში დარწმუნება“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა