საქართველოში ყველა მართლმადიდებელი დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. ყველა ტაძარში საზეიმო მსახურება აღევლინება - მორწმუნე ქრისტიანები ერთმანეთს იესო მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ულოცავენ.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
,,საზეიმო ლიტურგია გაიმართა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უძღვებოდა. წელს პირველი აღდგომა აღინიშნება ბოლო 49 წლის მანძილზე, როცა მრევლს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულზე სააღდგომო ეპისტოლეთი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე არ მიმართავს.
ამჯერად, ტაძარში შეკრებილ მრევლს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე არქიდიაკვანმა დემეტრემ დავითაშვილი) გააცნო. „დღეს ჩვენ გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყვეობისგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ, სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს... თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II... არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.“ - ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.
სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისულების წარმომადენლები ესწრებოდნენ.
უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავენ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მართლმადიდებლები. ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის საზეიმო ლიტურგიას ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძე.
სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას დღესასწაულობენ მართლმადიდებლები აჭარაში. ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო ლიტურგიას დეკანოზი იაკობ ბენიძე უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე.
მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა იზეიმეს რუსთავში. რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება გაიმართა, რომელსაც ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დვალიშვილი უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.