ტატა ხვედელიანი უმრავლესობას - საქართველოში არსებობენ ოჯახები, რომელთათვის კვერცხის შეძენა სააღდგომოდაც კი პრობლემად იქცა - უკაცრავად და ვისთვის ზრდით ამ ეკონომიკას? სად ხედავს სარგებელს მოქალაქე ან სად მიდის ეს გაზრდილი ეკონომიკა?

სოციალური სიდუხჭირის და გაზრდილი ფასების გამო, საქართველოში უკვე არსებობენ ოჯახები, რომელთათვის სააღდგომოდაც კი კვერცხის შეძენა პრობლემად იქცა - უკაცრავად და ვისთვის ზრდით ამ ეკონომიკას, თქვენივე სააღდგომო სუფრებისთვის? სად მიდის ეს გაზრდილი ეკონომიკა? - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფასების შემცირების პირობა დადო, მარტის თვის მონაცემებით, პურპროდუქტების ფასი 9.6%-ით, ბოსტნეულის 4.9%-ით, ხორცეულის 9.6%-ით, რძის ნაწარმისა და კვერცხის ფასი 4.5%-ით და თევზეულის ფასი 21%-ით გაიზარდა.

„მინდა, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ აღდგომის დღესასწაული. სააღდგომო დღეები საქართველოში ყოველთვის იყო ერთიანობის, რწმენისა და იმედის სიმბოლო. დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა შესაფერისად აღნიშნეთ ეს დღე, რადგან თქვენს ჯიბეს არც გაზრდილი კვერცხის ფასი შეტყობია, არც ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი და არც სხვა პროდუქტებზე გაზრდილი ფასები. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყოდი საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილზე. სოციალური სიდუხჭირის და გაზრდილი ფასების გამო, საქართველოში უკვე არსებობენ ოჯახები, რომელთათვის სააღდგომოდაც კი კვერცხის შეძენა პრობლემად იქცა. აღარაფერს ვამბობ სხვა პროდუქტებზე.

ტრაგიკომედიურ ფასების შემსწავლელ კომისიაზე თქვენმა ერთ-ერთმა წევრმა, კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ოფიციალურად მილიონერია, განაცხადა, რომ ფასები შეიძლება ვერ შეამციროთ, მაგრამ თურმე, კარგად იცით, როგორ გაზარდოთ ეკონომიკა თვიდან თვემდე რამდენიმე პროცენტით. უკაცრავად და ვისთვის ზრდით ამ ეკონომიკას, თქვენივე სააღდგომო სუფრებისთვის? ხალხს აინტერესებს, სად არის გაზრდილი ეკონომიკის შედეგები? თუ პროდუქტების ფასმა მოიმატა, ელექტროენერგია გაძვირდა, საწვავის და მედიკამენტების ფასმა მოიმატა, მანქანების განბაჟების ფასები გაძვირდა, სად ხედავს სარგებელს საქართველოს მოქალაქე გაზრდილი ეკონომიკით? ან სად მიდის ეს გაზრდილი ეკონომიკა?

მას შემდეგ, რაც თქვენმა პრემიერმა ფასების შემცირების პირობა დადო, მარტის თვის მონაცემებით, პურპროდუქტების ფასი 9.6%-ით, ბოსტნეულის 4.9%-ით, ხორცეულის 9.6%-ით, რძის ნაწარმისა და კვერცხის ფასი 4.5%-ით და თევზეულის ფასი 21%-ით გაიზარდა. ასევე ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა 30%-ით.

ამ ადამიანის დაპირება ან სიტყვა სერიოზულად მისაღები რომ არ არის, აგერ, თქვენმა საპატიო თავმჯდომარემაც დაგვიდასტურა, როცა ბატონი ალიევის ვიზიტისას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სადღაც კუთხეში მიაყენა და შემდეგ ეს ფოტოები სპეციალურად გამოფინა ყველას დასანახად და ხალხს უთხრა, „ამასაც რაც გინდათ ის დაუძახეთო“. რამდენჯერაც აქ თითოეული თქვენგანი ზღვარს გადახვალთ და იმის წარმოჩენას შეეცდებით, ვინც რეალურად არ ხართ, გირჩევთ იმდენჯერ შეხედოთ მაგ ფოტოებს და გაიაზროთ თქვენი რეალური როლი „ოცნების“ რიგებში.

ჩვენმა გუნდმა მოგცათ შესაძლებლობა, მართლა გეზრუნათ მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე და მხარი დაგეჭირათ ჩვენი ინიციატივისთვის, რომ საქართველოში ქართველი ადამიანი იაფი მუშახელი არ უნდა იყოს და მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1050 ლარზე მეტი. ეს იქნებოდა სოციალური გარანტია, რომელიც ადამიანებს ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემდა, თუმცა თქვენ ამაზე უარი თქვით იმ არგუმენტით, რომ თითქოს, დაუსაბუთებელი ყოფილა ეს ჩვენი ინიციატივა.

ამიტომ, მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნა დავაინიცირეთ, შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ და თუ არ მოგწონდათ ჩვენი დასაბუთებები, ერთად ვიმსჯელოთ და დავადგინოთ, რამდენი უნდა ჰქონდეს მინიმალური ხელფასი საქართველოში ჩვენს მოქალაქეს. მაგრამ არაფერს მოველით ხელისუფლებისგან, რომელიც 1 მილიარდ ლარს პატიობს ენერგოკომპანიებს და ამ დროს კი 30%-ით უძვირებს საქართველოს მოქალაქეებს ელექტროენერგიის საფასურს“, - განაცხადა ხვედელიანმა.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026