ვალერი ჩეჩელაშვილი - ორბანის დამარცხებით, რუმინეთისა და მოლდოვის შემდეგ, რუსეთი ევროპაში მესამედ დამარცხდა, ის რიტორიკა კი, რომლითაც თბილისში ჩამოდიოდა ვიქტორ ორბანი ან ბუდაპეშტში მასპინძლობდნენ „ქართულ ოცნებას“, წარსულს ჩაჰბარდა

უნგრეთში არჩევნების შედეგით გაძლიერდა უნგრეთი, ევროპა და დასუსტდა რუსეთი - პირველად არ დამარცხდა რუსეთი ევროპაში. ეს არის ევროპაში რუსეთის მესამე დამარცხება. რუმინეთის და მოლდოვის შემდეგ, უნგრეთი არის მესამე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას დიპლომატმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უნგრეთის არჩევნებში პარტია „ტისას“ გამარჯვებას.

როგორც მან აღნიშნა, „როგორც მინიმუმ, რუსეთმა დაკარგა კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების ძალიან სანდო წყარო“.

„უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, იწყება სრულიად ახალი ეტაპი უნგრეთის განვითარებაში. უნდა ითქვას, რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა ამ 16 წლის განმავლობაში. თვითონ ორბანმა, როგორც პოლიტიკოსმა, განიცადა სერიოზული ტრანსფორმაცია. ეს იყო ორბანის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ტრანსფორმაცია ქვეყნის - ელექტორალური დემოკრატიიდან უნგრეთი ყალიბდებოდა ელექტორალურ ავტორიტარიზმად, ტრანსფორმაცია ცუდი კუთხით. ეს რაც მთავარია, არ მიიღო არც უნგრელმა ხალხმა და არც უნგრეთმა, როგორც სახელმწიფომ. უნგრეთმა დაადასტურა, რომ ის არის ევროპული სახელმწიფო და უნგრელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ევროპული ერი. ამ შედეგით გაძლიერდა უნგრეთი, ევროპა და დასუსტდა რუსეთი.

რაც შეეხება პეტერ მადიარს, რომელიც იყო ვიქტორ ორბანის ყოფილი თანაგუნდელი, უკვე მოახერხა ამ ლაქის ჩამოშორება, საერთოდ თუ იყო ეს ლაქა. ამის დასტურია ის, რომ ის შევიდა შეუპოვარ ბრძოლაში ორბანის რეჟიმთან, ორი წლის წინ. მაშინ სულაც არ იყო გარანტია იმის, რომ ის რამენაირ გამარჯვებას მოახერხებდა ორბანზე. მაგრამ მას ეყო გამბედაობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა საიმისოდ, რომ დაეწყო ეს ძალიან რთული ბრძოლა, რაც ასეთი თავბრუდამხვევი გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება მის მოქმედებებს, რა თქმა უნდა, ის არის მემარჯვენე ცენტრისტი. დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად შეუერთდება ხელახლა ევროპის სახალხო პარტიას, ეს გააძლიერებს ევროპაში ცენტრიზმს, პროევროპულობას გააგრძელებს, ევროპას გააძლიერებს. ამასთან ერთად, მან არჩევნების შემდეგ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მათ შორის, მან თქვა, ის, რომ გეოგრაფიას ეს არჩევნები ვერ ცვლის, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ იქნება საჭირო მოლაპარაკებები რუსეთთან, ის ამ მოლაპარაკებებს გამართავს. თუმცა თქვა, რომ მეგობარი რუსეთის არასდროს იქნება. ასევე, უკვე დაადასტურა ის, რომ უნგრეთი არ შეუშლის ხელს 90 მლრდ ევროს გამოყოფას უკრაინისთვის. ამასთან ერთად ისიც განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში. მაგრამ სხვა კუთხით, რომ შევხედოთ ამ განცხადებას, ის არ ეწინააღმდეგება ზოგადად, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას. რაც შეეხება დაჩქარებულ გაწევრიანებას, ესეც პირობითი ცნებაა, რას ნიშნავს დაჩქარება. მე ვფიქრობ, რომ ის იქნება განსახიერება ახალი ევროპული უნგრეთის.

რაც შეეხება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიმართვას, სადაც მან მიმართვა დაასრულა ფრაზით, „რუსებო, სახლში წადით!“ - ეს განცხადება ძალიან ნიშანდობლივი იყო. ვიცით, როგორი პროევროპელი ლიდერია ის. ის იყო ევროკომისიის პრეზიდენტი. მის პროევროპულობაში არავის ეჭვი არ ეპარება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ „რუსებო, წადით სახლში“, მან „X-ში“ დაწერა უნგრულ ენაზე. ეს იყო ის ლოზუნგი, რომლითაც უპირისპირდებოდნენ რუსეთის აგრესიულ შემოტევებს უნგრელი პატრიოტები. ამ გზავნილზე უმალვე მიიღო უკუ პოზიტიური გზავნილი პეტერ მადიარისგან, რომელმაც განაცხადა, რომ პირველი სახელმწიფო ვიზიტი, პრემიერ-მინისტრის რანგში განხორციელდება პოლონეთში. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ სრულიად პროევროპული ძალაა პეტერ მადიარის „ტისა“. ჩვენ ველოდებით, რომ ევროპის სიძლიერე გაცილებით უფრო შთამბეჭდავი გახდება. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ სრულიად ახალ ფაზაში შევა ევროკავშირი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტურბულენტურ პირობებში, როდესაც ევროკავშირს უწევს დაადასტუროს თავისი მნიშვნელოვანი როლი, როგორც გეოპოლიტიკური სერიოზული მსოფლიო მოთამაშის, ამ ცვალებად საერთაშორისო ურთიერთობების ქსელში“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთში გაკეთებულ განცხადებას, რომ უნგრეთში ხელისუფლების შეცვლა ევროკავშირის დაშლას დააჩქარებს, ჩეჩელაშვილის თქმით, თუ ვინმე უშლიდა ხელს ევროპულ სოლიდარობას და ევროპის გაძლიერებას, ეს იყო ვიქტორ ორბანი.

„4 თვეც გავა და ვნახავთ გაძლიერდება თუ არა ევროკავშირი. მაგრამ თუ ვინმე უშლიდა ხელს ევროპულ სოლიდარობას და ევროპის გაძლიერებას, ეს იყო სამწუხაროდ, ვიქტორ ორბანი, რომელიც სარგებლობდა რა კონსენსუსის წესით, უშლიდა ევროპას გაძლიერებაში ხელს და ამავდროულად, არღვევდა, კონფიდენციალურობას ევროკავშირში. იქამდე მიიყვანა ევროპული ინსტიტუტები, რომ რაღაც კონფიდენციალურ საკითხებს განიხილავდნენ უნგრეთის მონაწილეობის გარეშე. ვინაიდან რამდენჯერმე გახდა ნათელი, რომ ვიქტორ ორბანი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო, უზიარებდნენ კონფიდენციალურ ინფორმაციას რუსეთს. ესეც იყო ის გარემოება, რამაც გამოიწვია ასეთი დრამატული მარცხი ვიქტორ ორბანის. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ, სიიარტოს, ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა პეტერ მადიარმა. მან თქვა, რომ „ჩვენ ვიცით სად არის სიიარტო, ის არის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ანადგურებს რაღაც საბუთებს. ეს ხელშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება საიმისოდ, რომ ვინც დასასჯელია, ყველა დაისაჯოს“. დადგება თუ არა პოლიტიკოსების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი? - არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესები, მაგრამ ყველა შეფასებით, უნგრეთი ევროკავშირში გახდა ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო. ამ კორუმპირებულობაზე უნდა აგოს პასუხი ვიღაცამ. შეიძლება ეს იყოს ორბანი, იყოს სხვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიხილავთ შესაბამის პროცესებს. პეტერ მადიარის გამბედაობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მან უმალვე მოუწოდა ყველას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, პროკურორს და ა.შ. ადამიანებს, რომლებიც შედარებით ავტონომიურობით სარგებლობენ უნგრული კანონმდებლობის თანახმად, რომ დაუყოვნებლივ გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ამის სრული უფლება აქვს, იმიტომ, რომ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა.

რაც შეეხება უნგრეთისა და რუსეთის ურთიერთობას, როგორც მინიმუმ, რუსეთმა დაკარგა კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების ძალიან სანდო წყარო. დაკარგა შესაძლებლობა, რომ ემოქმედა, უნგრეთის მეშვეობით ევროკავშირის სოლიდარობა დაერღვია. სერიოზული ბერკეტი დაეკარგა რუსეთს. წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთი ყველანაირად ცდილობდა, რომ დახმარებოდა ორბანს. პირველად არ დამარცხდა რუსეთი ევროპაში. ეს არის ევროპაში რუსეთის მესამე დამარცხება. რუმინეთისა და მოლდოვის შემდეგ, უნგრეთი არის მესამე. რუსეთი სუსტდება, აქვს გაცილებით უფრო ნაკლები რესურსი და იმ ფაქტს ვერავინ უარყოფს, რომ რუსეთი არის აგრესორი, უკრაინა არის მსხვერპლი. რუსეთის არის ის ქვეყანა, რომელმაც წამოიწყო 21-ე საუკუნეში ევროპის ტერიტორიაზე პირველი ომი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ მეორე ომი უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს და სრულფასოვანი შეჭრა უკრაინაში, ბარბაროსული ხასიათის 2022 წელს. ეს ძალიან მკაფიოდ აღიარა პეტერ მადიარმაც. ევროპელები ძალიან კარგად იცნობენ ამ რეალობას, იმიტომ, რომ იქ ინფორმაციული მონოპოლია რუსეთს არ გააჩნია. ამ პირობებში განწირულია რუსეთი საიმისოდ, რომ დამარცხდეს. ვინ შეიძლება იყოს რუსეთის მოკავშირე? ალბათ, მეტ-ნაკლებად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო. მაგრამ ამ არჩევნებმა შექმნა ახალი რეალობა ევროკავშირში და ამ რეალობას თვალი ყველამ უნდა გაუსწოროს, მათ შორის, რობერტ ფიცომაც, რომელიც შესაბამის დასკვნებს აუცილებლად გააკეთებს, იმიტომ, რომ ფიცოს წინააღმდეგაც არის გამოსვლები. ვფიქრობ, ფიცო იქნება ძალიან ფრთხილი ორბანის დამარცხების შემდეგ“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ამასთან, მან უნგრეთისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ის რიტორიკა, რომლითაც აქ ჩამოდიოდა ვიქტორ ორბანი ან მასპინძლობდნენ უნგრელი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ბუდაპეშტში, წარსულს ჩაჰბარდა“.

„რაც შეეხება თბილისისა და ბუდაპეშტის ურთიერთობებს, სწორი გააკეთა ირაკლი კობახიძემ, რომ მიულოცა, ეს მისი ვალდებულება იყო. საქართველოს სახელმწიფოს უნგრეთთან ჰქონდა კარგი ურთიერთობები, მაგრამ დღეს რეალობა შეიცვალა. ეს რეალობა ნიშნავს იმასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, რომ უნგრეთი გახდება გაცილებით უფრო პროევროპულო, ევროპული ქვეყანა, ევროპის დასაყრდენი. შესაბამისად, მისი საგარეო პოლიტიკაც იქნება სრულ თანხვედრაში ევროპული ინსტიტუტების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან და ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აქედან გამომდინარე, უნდა მოახდინოს ზოგადად, საკუთარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ასევე, უნგრეთთან მიმართებით საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირება. მოუწევს ამის გაკეთება. რამდენად შეძლებენ ამას, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ისიც კარგია, რომ პეტერ მადიარმა დაადასტურა თავისი ინტერესი საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების, ხოლო ის რიტორიკა, რომლითაც აქ ჩამოდიოდა ორბანი ან მასპინძლობდნენ უნგრელი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ბუდაპეშტში, წარსულს ჩაჰბარდა.

რაც შეეხება მადიარის განცხადებას „თქვენს შიდა საქმეებში ჩვენ არ ჩავერევით“, ეს არის ძალიან კარგად დაბალანსებული დიპლომატიური განცხადება, რომელსაც ნეგატივს ვერ გამოუნახავ, მაგრამ ირიბად ეს არის იმის მინიშნება, რომ აქამდე უნგრეთის ხელისუფლება ზუსტად რომ ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში და ამის შემდეგ აღარ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ვინაიდან უნგრეთი გახდება გაცილებით უფრო პროევროპული ქვეყანა და თანხვედრაში მოიყვანს თავის პოლიტიკას ევროპის პოლიტიკასთან, შესაბამისად, იქნება ფორმირებული უნგრეთის გზავნილებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თუ ადრე ორბანის და „ქართული ოცნების“ ანტიევროპული რიტორიკა იყო სრულ თანხვედრაში, ახლა ეს თანხვედრა ჩაჰბარდა წარსულს, პეტერ მადიარი არის პროევროპული პოლიტიკოსი და შესაბამისად, ის ანტიევროპულ რიტორიკას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნამდვილად მხარს არ დაუჭერს. რჩევებს ჩამოაყალიბებს, მაგრამ ამ რჩევებს გაითვალისწინებს თუ არა „ქართული ოცნება“ ეს სერიოზული კითხვაა და ამ პასუხს დაველოდებით“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026