დღეს ქართული ენის, ჩვენი დედაენის დღეს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქართული ენა კვლავ იდევნება! - ივანიშვილის რეჟიმი არაფერს აკეთებს გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასაცავად, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დედაენის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა, ქართული ენა და იდენტობა რეალურად რომ დავიცვათ, „უნდა მოხდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი“.
„კრემლი, მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის გამოყენებით, გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დათრგუნვას, მისთვის მშობლიურ განათლების შეზღუდვით, ხშირ შემთხვევაში სრული აკრძალვით ცდილობს.
გალში მცხოვრებ ქართველებს არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა არც სკოლებში და არც საბავშვო ბაღებში.
ამას გარდა, მკაცრად არის შეზღუდული ქართულენოვანი ლიტერატურის გავრცელება. მოზარდებს ფაქტობრივად არ შეუძლიათ მისაღები გამოცდებისთვის ქართულ ენაზე მომზადება.
ივანიშვილის რეჟიმი არაფერს აკეთებს გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. მაგალითად, ახლა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ელექტროენერგია გაუძვირდათ, ირკვევა, რომ ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საოკუპაციო რეჟიმთან მიდის თითქმის მთლიანად უსასყიდლოდ - მაშინ როცა ის მაინცაა შესაძლებელი, მიწოდების წინაპირობად ქართული ენის და ზოგადად, გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება დადგეს.
სამაგიეროდ ვისმენთ ყალბ სადღეგრძელოებს იმაზე, თუ როგორ „იცავენ“ ქართულ იდენტობას დასავლეთისგან.
როგორი აღმაშფოთებელიც არ უნდა იყოს, რეჟიმის უმოქმედობა კანონზომიერი და ლოგიკურია იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღია და მოსკოვს ძალიან მკაფიოდ დასახული ბნელი მიზანი ამოძრავებს - კრემლის ამოცანა ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ქართული ენისთვის ძირის გამოთხრაა - ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ რუსული რეჟიმის კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად, გალში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა!
საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა, ქართული ენა და იდენტობა რეალურად რომ დავიცვათ და ქართველი ხალხი რუსული ჩამორჩენილობისა და სიღატაკის ჭაობს გადაურჩეს, უნდა მოხდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი და ქვეყნის ხელისუფლებაში ეროვნული, დემოკრატიული ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების სამსახური იქნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.