გრიგოლ გეგელია - შემოდგომაზე მომენტი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა, ეს იყო სისულელე - ოპოზიციამ მომავალში ჭკუა უნდა ვისწავლოთ, ამბობენ: „უნგრეთის წყალი გადაგვესხასო“, ტვინი გადაგვესხას

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს არჩევნების მნიშვნელობის დაკნინება და ხელისუფლების დასასუსტებლად ყველა პოლიტიკური ბერკეტი გამოიყენოს.

როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი მცდარად მოუწოდებდა პარტიებს ბოიკოტისკენ და არჩევნებში მონაწილეობას „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებდა, რაც რეალურად ხელისუფლებას აძლიერებდა.

„2-3 თვის წინ ადამიანები ამბობდნენ, რომ არჩევნებში არ უნდა გახვიდე. იგივე ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებდნენ. პეტერ მადიარს ამ ლოგიკით, რომ ევლო, რითაც ბოიკოტის თემით 2025 წელს იარეს, დღეს უნგრეთის პრემიერი ისევ ვიქტორ ორბანი იქნებოდა. ეს არის მწარე, მარგრამ მარტივი სიმართლე. პეტერ მადიარი შევიდა ბრძოლაში, რომელიც სრულად უთანასწორო იყო. მედიის 80%-ი იყო ორბანის, ათობით მილიარდი იყო ორბანის. 16 წლის განმავლობაში პოლიტიკური სისტემა მთლიანად ერთ პარტიაზე იყო მოწყობილი. სასამართლო მთლიანად ვიქტორ ორბანის მიერ იყო კონტროლირებადი. უნგრეთი იყო პრივატიზებული და ერთ პარტიას ეკუთვნოდა“, - განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა მნიშვნელოვანი შანსი ადგილობრივი არჩევნების დროს - მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება, რამდენიმე დიდი ქალაქის დაკარგვა სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა მმართველ ძალას.

„ის, მომენტი, რომელიც შემოდგომაზე იყო შექმნილი, ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. მაპატიეთ, მაგრამ ეს იყო სისულელე. ადგილობრივი არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება, მაგრამ, ძალიან დიდი ბზარი გაუჩნდებოდა რეჟიმს, თუ ის ხუთ ქალაქს წააგებდა“, - განაცხადა გეგელიამ.

კითხვაზე, თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება ან 2028 წლის არჩევნებზე ოპოზიციას რა გეგმა აქვს, რომ მადიარის წარმატება გაიმეოროს, გეგელია პასუხობს, რომ ოპოზიციამ მომავალში „ჭკუა უნდა ისწავლოს“.

„ოპოზიციამ, პირველ რიგში უნდა შეწყვიტოს იმის ძახილი, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის საყვარელი სლოგანი. ის, რომ დღეს ვსხედვართ ქალაქში, რომელსაც 20%-იანი „ქოცი“ მართავს, ეს არის, მათ შორის საქართველოს დემოკრატიული ძალების ბრალი. ამაზე საუბარს ვერ შევწყვეტ. კიდევ რაღაც უნდა გასწავლონ და მიგითითონ, ბოდიში, მაგრამ ეს არ „მოსულა“.

მომავალში ჭკუა უნდა ვისწავლოთ. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. „უნგრეთის წყალი გადაგვესხასო“ამბობენ , ტვინი გადაგვესხას. ის ხალხი, რომ მეუბნება უნგრეთის წყალი გადაგვესხასო, რომელიც გვიმტკიცებდა, არჩევნებში თუ შეხვალთ რუსულია, გაყალბებულ სისტემას რა აზრი აქვს და ახლა მადიარი მოსწონთ. ჩამოვყალიბდეთ, რომელი გზა მოგვწონს. მადიარის გზის სწამს ჩემს პოლიტიკურ გუნდს და მეც. კი რთულია, ძნელია, მაგრამ ამ ქვეყანაში გაუყალბებელი არჩევნები გახსოვთ?“,- განაცხადა გეგელიამ.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026