მადიარმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ორბანის მომხრეებს იდეოლოგიურად მაქსიმალურად გაადვილებოდათ ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, ეს არის მთავარი გაკვეთილი, ეს საქართველოში ვერ გავაგებინეთ [ოპოზიციას], მაინც და მაინც უნდა აგინონ ყველას , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.
ირაკლი მელაშვილის თქმით, პეტერ მადიარმა დაინახა, რომ უნგრელი ერი კონსერვატიულია და „აიღო ორბანის ლოზუნგები და ისე შევიდა ბრძოლის ველზე“.
მელაშვილის განცხადებით, მადიარი ძალიან დაპირისპირებული იყო ორბანთან, მაგრამ არა მის ამომრჩეველთან, ხოლო საქართველოში „აგინებენ კობახიძეს და აგინებენ „ქოცებსაც“.
„ეს არ იყო იდეოლოგიური დაპირისპირების არჩევნები. ეს არ იყო ლიბერალების ან მემარცხენეების დაპირისპირება კონსერვატორებთან. ძალიან მაგარი რამ გააკეთა, მან აიღო ორბანის ლოზუნგები და შევიდა ბრძოლის ველზე. საქართველოში განსხვავება რა იყო? - „მე თქვენს საკითხებში არ შემოვალ“, ეუბნებოდა ოპოზიცია ხელისუფლებას. ოჯახის სიწმინდე, მშვიდობა, ყველაფერი წამოიღო და იმდენად გააკოტრა იდეოლოგიურად ორბანი, რომ მან დაუშვა უდიდესი შეცდომა, უკვე აბსურდის ლაპარაკი დაიწყო, რომ „თუ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, უკრაინა მართავს უნგრეთს“. ორბანის მომხრეებს მადიარმა ძალიან გაუადვილა ოპოზიციაში გადასვლა და ხმის მიცემა იმით, რომ არ წავიდა იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე. უნგრელები კონსერვატიული ერია. დაინახა ეს პოპულარული თემები და წამოიღო.
მადიარმა ხელისუფლების ამომრჩეველს გაუმარტივა ოპოზიციაში გადასვლა. ეს საქართველოში ვერ გავაგებინეთ, მაინც და მაინც უნდა აგინონ ყველას. ვინც მათ არ ეთანხმება, დედას აგინებენ ყველას. მეორე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩარეცხა მთელი პოლიტიკური სპექტრი. მთავარი გაკვეთილი ჩემთვის იყო ის, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ორბანის მომხრეებს იდეოლოგიურად მაქსიმალურად გაადვილებოდათ ოპოზიციისთვის ხმის მიცემა“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის პარტია „ტისამ“ გაიმარჯვა, რითაც დაასრულა პრემიერ-მინტრ ორბანის 16 წლიანი მმართველობა.