არ არის აუცილებელი ახალი ველოსიპედის გამოგონება და უნგრეთში ყურება - ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ელემენტარული საკითხით: პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგს და საკუთარ მხარდამჭერებს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები დიდი ხანია, გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოდან და რეალურად, მათ აინტერესებთ ყველანაირი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
„უნგრეთის თუ უნგრეთის გარეშე, მათთვის რომ დემოკრატიას ფასი არ აქვს, არაერთხელ ნახა საზოგადოებამ. არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნების გზით გამოეჩინათ საკუთარი პოლიტიკური სიმწიფე, პოლიტიკური კულტურა, მაგრამ რაც გააკეთეს ყველამ კარგად ნახა - არჩევნებში არმონაწილეობა, არჩევნების უგულებელყოფა, ზოგადად, დემოკრატიის უგულებელყოფა და საკუთარი ამომრჩევლის და მხარდამჭერების ნების გათვალისწინებაზე უარი. არ არის აუცილებელი ახალი ველოსიპედის გამოგონება, უნგრეთში ყურება, თუ რომელიმე სხვა სახელმწიფოში ყურება, უნდა დაიწყონ მარტივი რაღაცით, ელემენტარული საკითხით - არჩევნების პატივისცემა, არჩევნებზე გამოხატული პოზიციების პატივისცემა და საკუთარი მხარდაჭერების პატივისცემა. საუკეთესო გაკვეთილი, თუ რამე შეიძლება უნგრეთიდან გამოიტანონ, არის ის, რომ არჩევნების შედეგებს პატივს სცემს გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. სანამ სხვა სიღრმეებში შევიდოდნენ, მათ ვთხოვდი აქედან დაეწყოთ - ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგს, განურჩევლად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ამ ადამიანების და პოლიტიკური ძალების პოზიციები ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ისინი დიდი ხანია, გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოდან. რეალურად, მათ აინტერესებთ ყველანაირი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს არ არის არც სახელმწიფოს ინტერესი, არც ჩვენი მოსახლეობის", - განაცხადა მახაშვილმა.