ნუგზარ წიკლაური - არასდროს ხდება ორი ერთი და იგივე მოვლენა, უნგრეთში არაა ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში ნამყოფი - ჩვენ თუ გვინდა, რომ როგორც მადიარი იდგა საბარგო მანქანაზე, ისე ქართული ოპოზიცია ასეთ მანქანაზე დადგეს, ვერ გამოვა

უნგრეთის არჩევნებში პეტერ მადიარის გამარჯვება ეს არის ევროპის ძალიან დიდი გამარჯვება, ორბანი წარმოადგენდა რუსეთის მთავარ “ტროას ცხენს” ევროპაში - დაეცა ის ბასტიონი, რომელსაც ემყარებოდა „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც უნგრეთის არჩევნებში პეტერ მადიარის გამარჯვებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ის ფაქტი, რომ ევროპაში დემოკრატიული ტალღა სულ უფრო მძლავრი ხდება, საქართველოსთვისაც აჩენს სერიოზულ პერსპექტივებს“.

„ევროპული საზოგადოება, ევროპის კავშირი სულ უფრო და უფრო მეტად ავლენს საკუთარ თავს, როგორც არამხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დამმკვიდრებელი, არამედ ამ დემოკრატიული ღირებულებების ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი დამცველი. ამიტომ უნგრეთის ამბავი ვერ იქნება იზოლირებული ინციდენტი. ცხადია, რომ ეს არის ევროპის ძალიან დიდი გამარჯვება, მას შემდეგ, რაც მასზე იყო პერმანენტული შეტევები რუსეთის მხრიდან და თვით ეს ორბანი წარმოადგენდა რუსეთის მთავარ “ტროას ცხენს” ევროპაში. ის ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ გადაწყვეტილებებს, ბლოკავდა სხვადასხვა სანქციებს, სხვა ავტოკრატების მიმართ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთლიანად ევროპისთვის და ის ტენდენციაც და ამას დამატებული ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნის სომხეთის წარმატებაც მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიული ტალღა სულ უფრო მძლავრი ხდება. ეს საქართველოსთვის აჩენს სერიოზულ პერსპექტივებს. უნგრეთი იყო არამხოლოდ რუსეთის უმთავრესი დასაყრდენი ევროპაში, არამედ დაეცა ის ბასტიონი, რომელსაც ემყარებოდა „ქართული ოცნება“, როდესაც აქ ლახავდა სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს, ციხეებს ავსებდა პროტესტანტებით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებითა და თან, პარალელურად, იმედი ჰქონდა, რომ ის დაუსჯელი დარჩებოდა, სანქცირებას ასცდებოდა იმის გამო, რომ უნგრეთი დაბლოკავდა ევროკავშირის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. უმნიშვნელოვანესი მოვლენაა როგორც მთლიანად ევროპის თვალსაზრისით, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკის ფორმირების კუთხითაც“,- განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, მან გადაცემაში სტუმრობისას “ლელოსა“ და გახარიას პარტიაში გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა იმის თაობაზე, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა მაშინაც შესაძლებელია, როცა საარჩევნო სისტემა არასამართლიანია, რაც სწორედ უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, „უნგრეთში ჩატარდა არჩევნები, საქართველოში კი არჩევნები არ არსებობს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რაც მოხდა უნგრეთში, მგონია, რომ ზოგიერთი ქართული პოლიტიკური პარტია მაინც ცდილობს ეს გარკვეული კონფრონტაციისთვის გამოიყენოს და სცადოს თავისი ძველი შეცდომების გამართლება ცხადია, პარალელების გავლება არის შესაძლებელი და აუცილებელი, თუმცა არასდროს არ ხდება ორი ერთი და იგივე მოვლენა. უნგრეთის ამბავი ჩვენთვის არის სერიოზული გაკვეთილი, მაგრამ ამავე დროს უნდა ვხვდებოდეთ, რომ უნგრეთში ჩატარდა არჩევნები. საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. საქართველოში არჩევნები არ არსებობს ამ დროისთვის. ყველამ ვიხილეთ სიმბოლო, შავი ლაქა, რომელიც იყო საარჩევნო ბიულეტენებზე და ეს არ იყო არჩევნები. უნგრეთში არ არის ის ვითარება, როდესაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ლიდერი ნამყოფია ციხეში. ამიტომ მანდ განსხვავებები არსებობს. რა თქმა უნდა, დიდი გზამკვლევია ჩვენთვის, თუ როგორ მოხდა წინასაარჩევნო მარათონის ფორმირება, როგორი იყო ძირითადი აქცენტები, რაც გამოიკვეთა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ავიღოთ მხოლოდ ცალკეული დეტალები და ვთქვათ, როგორც ის იდგა საბარგო მანქანაზე, ისე ქართული ოპოზიცია ზუსტად ასეთ მანქანაზე უნდა დადგეს, ანდა არჩევნებზე უნდა გავსულიყავით შარშან, როცა ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, ასე ვერ გამოვა... სხვათა შორის, ამ ორი პარტიის („ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“) არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა კარგად დაადასტურა, რა ხმაც ჰქონდათ, იმის ნახევარი ხმაც ვერ მიიღეს ამ არჩევნებზე. მიმაჩნია, რომ ახლა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან კონფრონტაციისა და ქვების სროლისთვის კი არ უნდა გამოიყენონ დრო, კარგად უნდა გაისიგრძეგანონ თუ რა მოხდა უნგრეთში - პოლიტიკა დაუბრუნდა ხალხს, რიგით ამომრჩეველს. ჩვენ ჯერ უნდა შევქმნათ წინაპირობები იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილი არჩევნები არსებობდეს და შემდეგ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ქართულმა ოპოზიციამ უნდა ახსნას თუ რა ტრაგედია არის დღეს საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ სახით.

„საუბარი რომაა იმაზე, რომ არჩევნებამდე ჰქონდა [პეტერ მადიარს] სერიოზული გამარჯვება მოპოვებული, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ეს არის სწორი! მრავალჯერ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, ასეთი რამ. ეს წინაპირობები უნდა შემზადდეს. ხოლო თუ შენ შეხვალ წაგებულ თამაშში, სადაც მსაჯიც მოსყიდულია, ყველა მოსყიდულია და შენ ერთი ფეხბურთელით თამაშობ და სხვა 11-ით, აქედან შედეგს ვერ გამოიტან. ამის ახსნაა საჭირო იმ ამომრჩევლებისთვისაც, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს. საქართველოში ხელისუფლება სრულად იზოლირებულია, იზოლირებულია ჩვენი ქვეყანა, ახლა ეს ბოლო მოკავშირე ჩამოექცათ ორბანის სახით. ახლა მოდის სანქციების სუსხი. ის, ვინც აკავებდა ამ სანქციებს, ცდილობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ პასუხი არ ეგო იმ უკანონობისთვის, რასაც ჩადიოდა, ის ადამიანიც აღარ არსებობს ევროპაში. ახლა საუბარი იმაზე, რომ ევროპული საზოგადოება, ევროპული ქვეყნები, ევროკავშირი, აშშ ან სხვა ვინმე გააკეთებს ქართველი პოლიტიკოსების გასაკეთებელ საქმეს, ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენ უნდა ავხსნათ თუ რა ტრაგედია არის დღეს საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ სახით. თუ ვინმე მკითხავს, რა იყო მთავარი გაკვეთილი ამ უნგრული არჩევნების, ეს არის როგორ მარცხდება რუსული პროპაგანდა. ის ადამიანი, ვინც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, ან 2016 წელს, ან 2020 წელს უკეთესი მომავლის იმედით და ახლა ხვდება, რომ ხელში შერჩა ქურდებისა და თაღლითების პარტია, ამ ადამიანებს ხელი არავინ უნდა კრას, პირიქით, ისინი არიან ჩვენი მოკავშირეები. საჭიროა ბევრი ადამიანის დარწმუნება. ოპოზიციამ არ უნდა დაიყენოს თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ მოპასუხე იყოს და ხელოვნური სეგმენტაცია არ უნდა მოახდინოს საკუთარი თავის. ოპოზიცია არის საქართველოს ყველა მოქალაქის წარმომადგენელი“, - განაცხადა წიკლაურმა.

რაც შეეხება უნგრეთისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს, წიკლაურის თქმით, „ქართული ოცნება“ ახლა სრულიად დემონიზებულია, არა ვინმეს, არამედ თავიანთი ქმედებების გამო.

„კარგად ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთ ღამეში სამჯერ უარყო ორბანი. გაფრინდნენ მეგობართან თითქოს და უკან როცა დაბრუნდნენ აღმოჩნდა, რომ ეს მეგობარი კი არ არის, ლამის ავტოკრატია. ესენი არიან უპრინციპო ადამიანები. გასაგებია, რომ პრორუსული, რეგრესის ძალა, რეტროგრადული ძალა, „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე და ბასტიონი დაეცა იქ. ასევე, გასაგებია, რომ პეტერ მადიარს ექნება ევროპულ საზოგადოებასთან, ევროკავშირთან და მის იდეალებთან შესატყვისი პოლიტიკა. როდესაც აქ გყავს „ქართული ოცნება“, რომელსაც არაფერი გაუკეთებია გერმანიის, ინგლისის, იტალიის, საფრანგეთის, აშშ-ის ელჩების დევნისა და სრულიად მიუღებელი განცხადებების გაკეთების გარდა, ცხადია, რომ ეს იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. ეს პოლიტიკური ძალა არის ახლა სრულიად დემონიზებული, არა ვინმეს, არამედ თავიანთი ქმედებების გამო. ახლა უბრალოდ გადაწყვეტის საკითხია, როდის მოხდება ეს ცვლილებები. ოპოზიციას აქვს ამაში უდიდესი როლი. უნდა მივიღოთ ის კრიტიკა, რომელიც არსებობს. მთავარი რაც ახლა არის გასაკეთებელი, ეს არის სრულფასოვანი კონტაქტის, კავშირების აღდგენა იმ მილიონობით კაცთან, რომელიც ახლა ელის, რომ შეკრული პოლიტიკური გუნდები, ან სხვადასხვა ლიდერები შეძლებენ მათი ინტერესების სრულყოფილად განხორციელებას და „ქართული ოცნების“ ჩამოშორებას ხელისუფლებიდან“, - განაცხადა წიკლაურმა.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026