მაკა ბოჭორიშვილი - ტყუილია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა - პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“

ტყუილია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა - „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია! პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა, რომელიც ინტერპელაციის წესით ფრაქცია „საქართველოსთვის“ კითხვებს პასუხობს.

ბოჭორიშვილმა განაცხადა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები.

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად საქართველო ერთმნიშვნელოვნად უფრო დემოკრატიული და თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფოა დღეს, ვიდრე ის 2012 წელს იყო.

„2014 წლიდან, საქართველომ, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორმა ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, ყველა მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, რომლის უარყოფაც თავად ძალიან კრიტიკულად განწყობილ ევროპულ ბიუროკრატიას გაუჭირდა და მოუწია ამ პროგრესის აღიარება 2023 წელს, მაშინ როდესაც წელიწადნახევრის უსამართლო დაგვიანებით მიანიჭა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი თავისივე ანგარიშების და დასკვნების საფუძველზე.

საქართველოს პროგრესის, რომლის უკან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დგას, დასტურია ევროკომისიის ყველა ანგარიში, რაც კი 2025 წლამდე მომზადებულა ბრიუსელში და გამოქვეყნებულა.

პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“.

შეგახსენებთ 2024 წლის 9 ივლისს, თუ როგორ განგვიმარტა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება. მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ: - „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“.

ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის არის ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე, იდენტობაზე დაფუძნებული მისწრაფება, რომელიც მიზნად ისახავს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის საუკეთესო გარანტიების შექმნას.

ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ცხადია, თუ რას ემსახურებოდა და ემსახურება განცხადებები, მუქარა და შანტაჟი საქართველოს ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის თუ ევროკავშირის წევრობის შესახებ.

ამ საკითხებით მუდმივი მანიპულირება, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს პროცესს.

სწორედ ამიტომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია“.

შეგახსენებთ, რომ ამავე განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცალსახად განაცხადა, რომ ,,ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად”.

აქვე გაკეთდა განმარტება: ,,მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩვის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. მთავარი არაა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“.

აქვე შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილებას კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე იღებს ევროკავშირის საბჭო და არა კანდიდატი ქვეყანა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026