თაზო დათუნაშვილი - ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა - მნიშვნელოვანია, დადგეს პრემიერის პასუხისმგებლობა, ვინც პათოლოგიური ტყუილებით ავსებდა მოქალაქეებს

ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ყველა ძირითადი მოხმარების პროდუქტზე ფასები გაზრდილია.

ის ამ საკითხზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს აკისრებს.

"ამ სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში აბსოლუტურად ყველამ გამოვცადეთ რა დაჯდა სუპერმარკეტებსა თუ საქართველოს ბაზრებში სტუმრობა იმისათვის, რომ სადღესასწაულო სუფრა შეგვევსო. დღეს ყველაზე კარგი მომენტია, რომ ყველამ ერთად დავინახოთ, რომ ამ ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც ამ კომისიამ დაიწყო მუშაობა დღევანდელ დღემდე, ფასი გაძვირდა აბსოლუტურად ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტზე.

ფასების ზრდა გრძელდება უწყვეტად იმ მომენტიდან მოყოლებული, რაც ეს კომისია მუშაობს. 2026 წლის მარტის მონაცემებით, სასურსათო ინფლაცია საქართველოში 7.5% იყო, კერძოდ,

- თევზეულის ფასი 22%-ით გაიზარდა;

- თხილის და ყურძნის ფასი 14%-მდე გაიზარდა;

- პური და პურ-პროდუქტების ფასი 10%-ით გაიზარდა;

- ხორცი და ხორცპროდუქტები ფასიც 10%-ით გაიზარდა;

- ზეთი და სხვა ცხიმების ფასი 8%-ით გაიზარდა;

- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5%-ით;

- ბოსტნეული და ბაღჩეული 5%-ით. რაც შეეხება კვერცხს, კვერცხის ფასიც 4.5%-ით გაიზარდა.

რეალობა არის შემდეგი დღევანდელ საქართველოში, 15 აპრილს - 2012 წელს დაპირებული განახევრებულ დენის ტარიფს უკვე ამ თვიდან 30% დაემატა, ერთი მესამედით გაძვირდა დენის ტარიფი, რაც შეუქცევადი პროცესი იქნება და აბსოლუტურად ყველა პროდუქტის და სერვისის ფასი გაიზრდება. ამ კომისიის საყურადღებოდ, მეფრინველეობის ასოციაციამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც თქვა, რომ გლობალური პირობების და რეალობიდან გამომდინარე კვერცხის ფასი აუცილებლად გაიზრდება იმიტომ, რომ დენის საფასური გაიზარდა.

ამ ფონზე, "ქართული ოცნების" კომისიამ დაადგინა ის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა, 5 წლის ბავშვებმაც კი ძალიან კარგად იციან, რომ თურმე საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. აი, ეს დაადგინა შვიდმა მილიონერმა, რომელიც მასკარადს გიტარებდათ საქართველოს მოსახლეობას, სახეში გატყუებდათ და ყოველდღიურად შეურაცხყოფას გაყენებდათ ამ კომისიის მოქმედებით. ამ ხალხმა დაადგინა, რომ თურმე საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ამ კომისიას არ უმსჯელია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას, "ქართული ოცნების" პირობებში 14 წლის მანძილზე 6 მილიარდი ლარი აქვს დახარჯული სხვადასხვა პროგრამებით სოფლის მეურნეობაზე. ამის შედეგი არის ის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა არ გაზრდილა, ქართული პროდუქციის წილი საქართველოში მოხმარებულ სოფლის პროდუქტზე არ გაზრდილა, პირიქით, იმპორტმა მოიმატა და ყველა ძირითადი სასურსათო პროდუქტი, ყველა კატეგორია არის იმპორტირებული, ანუ ეს 6 მილიარდი თოფში ჩადეს და გაისროლეს.

პროპაგანდის მიზნებით შექმნილი კომისია ნათლად გამოჩნდა სულ რამოდენიმე თვეში, რომ იყო ტყუილი, მტკნარი სიცრუე და არავითარი კავშირის თქვენს რეალურ ცხოვრებასთან ამ კომისიის მოქმედებას არ აქვს გარდა იმისა, რომ რამდენიმე ნამუსგარეცხილმა მილიონერმა პირველად გაიგო თავის ცხოვრებაში რა ღირს საქართველოს სუპერმარკეტებში ზეთი, რძე, შაქარი და პური.

ამ ვითარებაში, ამაზე ვინმე პასუხისმგებლობას იღებს?! კითხვა მაქვს საქართველოს მთავრობასთან. ის პათოლოგიური მატყუარა, საკუთარ თავს პრემიერს რომ ეძახის, გაყიდვების თანამშრომელი რომ არის "იგლს ჰილსში", აი, ეს მატყუარა, იღებს პასუხისმგებლობას ამ მასკარადზე, რომელიც ქართველ ხალხს მოუწყო და რომლის ბოლოშიც აბსოლუტურად ყველ პროდუქტი გაძვირდა?!ვინმე სთხოვთ "ქართულ ოცნებიდან" პასუხისმგებლობას ამ არარაობას და სხვა მისნაირებს, რომლებიც გატყუებდნენ თვეების მანძილზე, რომ რაღაც კომისია, რაღაც ფასებს გაგიიაფებდათ. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც ამ კომისიის მუშაობის მანძილზე მინიმუმ 30%-ით ცხოვრება გაუძვირდათ. თურმე ახლა აღმოაჩინეს, რასაც ამ კომისიის დაწყების დღიდან ვამბობდით, რომ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ფასების შემსწავლელი კომისია ვერაფერს დაადგენდა და ვერანაირ შედეგს გამოიღებდა. აი, ეს აღმოაჩინეს ამ ყველაფრის ბოლოს.

კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია, ამ საკითხის შესახებ დადგეს კონკრეტული ადამიანის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა, ვინც ამ პათოლოგიური ტყუილებით ავსებდა საქართველოს მოქალაქეებს და ვინც, სხვათა შორის უკანასკნელი დღეებია გამქრალია "ქართული ოცნების" ყველა რადარიდან, არსად ჩანს და მის კაბინეტში მის გარეშე რაღაც კარუსელებზეა ლაპარაკი", - განაცხადა დათუნაშვილმა.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026