ქართული წიგნები პატარა ალათუმანელებისთვის - „ბიბლუსმა“ და „წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ” თანამედროვე ბიბლიოთეკა მოაწყვეს

ქართული ენის დღეს ახალქალაქის სოფელი ალათუმანი ახალი საბავშვო ბიბლიოთეკით შეხვდა. ეს გახლავთ სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებული სოფელი, სადაც ბიბლიოთეკის გახსნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებისა და „ბიბლუსი ჯგუფის“ ორგანიზებით მოხდა.

„წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც 2024 წელს „ბიბლუსის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ გიორგი კეკელიძესთან ერთად დააფუძნა, აქტიურად აგრძელებს ჯერ კიდევ 2012 წლიდან დაწყებულ დიდ საქმეს. მიზანი უცვლელია: საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა თუ ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგება, საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობა და საგანმანათლებლო კერის გაჩენა ყველგან, სადაც ეს სჭირდებათ.

პროექტის ავტორი და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარე, გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ის „ბიბლუსი ჯგუფს“ შეუერთდა აღნიშნული საქმიანობა უფრო ინტენსიური და მრავალფეროვანი გახდა.

„ჩვენ უკვე ათობით სოფელი მოვიარეთ. ჩემი მოძრაობა 10-წლიან ისტორიას ითვლის. თუმცა მას შემდეგ, რაც „ბიბლუსი ჯგუფს“ შემოვუერთდი, ეს ამბავი უფრო ინტენსიური და მრავალფეროვანი გახდა. სრულიად ახალ და თანამედროვე ბიბლიოთეკებს ვუწყობთ ჩვენს თანამემამულეებს სხვადასხვა სოფელში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ადგილების მხარდაჭერა, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით გამორჩეულია – მაგალითად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ან მაღალმთიანი რეგიონები; ასევე სოფლები, რომლებიც ეთნიკურად არაქართველი ჩვენი თანამოქალაქეებითაა დასახლებული. სწორედ ასეთი გახლავთ სოფელი ალათუმანიც, სადაც ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ. იქ ახლა განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების გვერდში დგომა, რისთვისაც ქართულ ბიბლიოთეკებს ვაწყობთ. ეს ვიზიტი ქართული ენის დღეს დავამთხვიეთ. შესანიშნავი მასწავლებელი გვმასპინძლობდა, ბრწყინვალე მოსწავლეები დაგვხვდნენ და საოცარი წარმოდგენა გამართეს“, - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსისა“ და გიორგი კეკელიძის ერთობლივი ძალისხმევით, წიგნიერების გავრცელება მხოლოდ ლოკალური ინიციატივა აღარაა. ის უკვე გასცდა ქვეყნის ფარგლებსაც და სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრანტებისთვის ეწყობა წიგნის კუთხეები, ტარდება ლექცია-სემინარები და ხორციელდება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტები. მიზანი უცვლელია - ქართული წიგნი და წიგნიერება ხელმისაწვდომი იყოს ყველგან, სადაც ის საჭიროა.

(R)

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026