დღეს პარლამენტში ახალს ვერაფერს მოვისმენდით, მაგრამ მთავარი იყო ხალხისთვის „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახის კიდევ ერთხელ ჩვენება. კიდევ ერთხელ ნახა ხალხმა, თუ ვინ არიან ესენი. ამ შემთხვევაში მაკა ბოჭორიშვილზე რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სრულიად უპასუხისმგებლო ჩინოვნიკია, რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე რაღაც ტიპის პასუხისმგებლობაზე ესაუბრა, პირიქით გააკეთა და თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შეჩერება ევროკავშირის ბრალია , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა რეზიუმეში პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოსმენაზე განაცხადა.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გაჭირვებულ მოქალაქეებს „დეზინფორმაციითა და ყალბი შიშებით კვებავს, შესაბამისად, მას არაფერში სჭირდება საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მოძლიერება“.
„დღეს ეს იყო მთავარი ფაბულა, რომ ჩვენ არ გაგვიჩერებიაო მოლაპარაკებები. თუ ეს მართლაც ასე იყო, გამოსულიყვნენ და ივლისში ეთქვათ, მაგრამ მთავარი ამბავი ის არის, რომ არჩევნები მოდიოდა. კარგად გახსოვთ, მთელმა წინასაარჩევნო კამპანიამ როგორი სლოგანებით ჩაიარა, გზავნილი იყო „ღირსებით ევროპისკენ“. თუ ეს ასე იყო (ევროკავშირი აჩერებდა მოლაპარაკებებს საქართველოსთან), რა გამოდის, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გადააგდეს ხომ? მაშინ პირდაპირ აფიორას ჰქონდა ადგილი. მაშინ ესეც უნდა აღიარონ, რომ არჩევნებისთვის გამოიყენეს ეს თემა და შემდეგ, როცა უკვე ყველაფერი სათავისოდ მოირგეს, ამის შემდეგ გააკეთეს განცხადება შეჩერებაზე.
დღევანდელი დღე მაგალითი იყო ხალხისთვის, რომ იდევ ერთხელ ენახათ, ვინ არიან ესენი სინამდვილეში. ხალხს ამისი შეხსენება სჭირდება იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ძალიან ძლიერია. ჩვენ მაგას ვეუბნებით, რომ მთელი მათი ნარატივი არის მთლიანად დეზინფორმაცია. ყალბი ინფორმაციითა და ყალბი შიშებით კვებავენ ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას. ამიტომაც არის, რომ მათ არაფერში არ სჭირდებათ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მოძლიერება“, - განაცხადა შარაშიძემ.
გარდა ამისა, შარაშიძემ ისაუბრა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ მიერ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის დასრულების კონტექსტში, უნგრეთისა და საქართველოში არსებულ ვითარებას შორის განსხვავებებზე.
კერძოდ, ვიქტორ ორბანის გუნდის დატოვების შემდეგ „ტისას“ ლიდერის პეტერ მადიარის წარმატებაზე საუბრისას წამყვანმა შარაშიძეს ჰკითხა, მისი პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას შესახებ, რომელმაც თავის დროზე სწორედ მმართველი გუნდი და პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა - თუ რატომ ვერ დადო იგივე შედეგი გახარიამ, რაც მადიარმა, შარაშიძის თქმით, „ჯერ ყველაფერი წინ არის“.
„თქვენ კარგად იცით, რატომაც ვერ [დადო ისეთი შედეგი, როგორც მადიარმა]. ჯერ ერთი ყველაფერი წინ არის. სულ სხვა სიტუაცია გვაქვს ჩვენ. როდესაც უნგრეთს ვადარებთ, რამდენიმე განმასხვავებელი ფაქტორია - დიდწილად ჰგავს ვითარება, მაგრამ ევროკავშირის წევრია[უნგრეთი]. რუსეთის პირდაპირი გეოგრაფიული მეზობელი არ არის. ომი არ ჰქონია რუსეთთან. არ ჰყავს ოპოზიციური ნაწილი, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთა წარმოადგენს - საფრთხობელას სახით არ ჰყავს“, - განაცხადა შარაშიძემ.
შარაშიძის თქმით, გიორგი გახარია იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დატოვა „ქართული ოცნება“, უმაღლესი თანამდებობა და შექმნა ოპოზიციური პარტია, რომელსაც „მზარდი რეიტინგი ჰქონდა“.
„ჩვენ ორ ცეცხლშუა ვიყავით, ერთი ოცნების მხრიდან, მეორე ნაცების მხრიდან, რადგან არცერთს არ აწყობდა გახარიას გაძლიერება“, - განაცხადა შარაშიძემ.
ასევე, ოპოზიციონერმა გაუსვა ხაზი იმას, რომ „გახარია არის პოლიტიკური დევნილი“.
„მაგრამ ეს პარტიულ განვითარებას ხელს არ უშლის. აქ არის გუნდი, აქ არის პარტია. დაგველოდეთ, "გვაცალეთ ბატონო, გვაცალეთ", ხომ იცით ქართული ფილმი“, - განაცხად შარაშიძემ.