[საქართველოსა და უნგრეთს შორის] პირდაპირი პარალელების გავლება ალბათ, არ არის მართებული, ყველა ქვეყანას თავის სპეციფიკა აქვს, თუმცა თავისუფლების გამარჯვება ავტორიტარიზმზე ძალიან მნიშვნელოვანი ინსპირაციაა, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, დავით სიხარულიძემ უნგრეთში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებაზე საუბრისას განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ უნგრეთთან შედარებით საქართველოში „დაავადება უფრო შორსაა წასული“ და ავტორიტარიზმი უფრო ღრმაა.
„თუ იმ კუთხით მივუდგებით, რომ ეს არის თავისუფლების გამარჯვება ავტორიტარიზმზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში უფრო მძიმედაა და უფრო შორსაა ეს დაავადება წასული, სახელმწიფოს მიტაცება უფრო შორს არის წასული, ავტორიტარიზმი უფრო ღრმაა. რა თქმა უნდა, თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს და იმედი მაქვს, რომ თავისუფლება თავის გზას იპოვის და გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი კომპონენტის გათვალისწინება, მათ შორის ალტერნატივის ჩამოყალიბება, მკაფიო დღის წესრიგის შექმნა“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
დავით სიხარულიძის თქმით, ვიქტორ ორბანის მსგავს ადამიანებთან კარგი ურთიერთობა საქართველოს ინტერესებში არ შედიოდა.
„ორბანის მსგავს პერსონაჟთან პირადი, კარგი ურთიერთობები არანაირად არ შედიოდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებში. ეს მაფიოზური მენტალიტეტის ნაჟური იყო და ჩემი აზრით, ამას არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს კეთილდღეობასთან, უსაფრთხოებასთან და ეროვნულ ინტერესებთან. არ ვფიქრობ, რომ რამენაირად სიკეთის მომტანი იყო ქართველი ხალხისთვის. ეს იყო კლანებს შორის გარიგება. როგორც ავტოკრატები ხშირად ერთმანეთთან დაახლოვდებიან ხოლმე დაახლოებით ასეთი ურთიერთობა იყო. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება ძლიერი ევროკავშირი, ძლიერი ნატო, უკრაინაში რუსეთის დამარცხება. ეს არის ის, რისკენაც უნდა მივისწრაფოდით და ხელს უნდა ვუწყობდეთ“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.