თავისი სახლის თავზე ცას კეტავდა მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები - ივანიშვილიც ასეთი კაცია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ აბასთუმნის თავზე ცის დაკეტვის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ეს არის დიქტატორული ახირება და ასეთების სიმრავლე იქნება რაც უფრო წლები გავა“.
დათუნაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო თვალსაზრისით სამარცხვინოა.
„ძალიან მარტივია ის ტრაგიკული რეალობა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ ის კლასიკურ კარიკატურულ დიქტატურაში ცხოვრობს. თავისი სახლის თავზე ცას კეტავდა მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები. ივანიშვილიც ასეთი კაცია - ახირებული ბერიკაცი თავისი შიშებით, სურვილებით და შესაძლებლობით, რომ რაც უნდა ის აკეთოს ამ ქვეყანაში. მათ შორის, გადაკეტოს მთელი დასახლებული პუნქტი, თქვას, რომ „აქ მანქანა ვეღარ შემოვა“ და ამ პუნქტის თავზე ცაც ისე დაკეტოს, რომ ჩიტმაც ვერ გადაიფრინოს. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატორული ახირება და ასეთების სიმრავლე იქნება რაც უფრო წლები გავა.
არ დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილი ასაკში შედის და ასეთი შიშები ასაკში შესულ დიქტატორებს ძალიან უმძაფრდებათ ხოლმე. მსგავსი რაღაცები ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იქნება ხოლმე. როგორც ეროვნული ბანკის საცავი არის დღეს ივანიშვილის პირადი საცავი და თავის ოქროს და ნახატებს ინახავს, ზუსტად ასე დაკეტავს ცას ამიერიდან. სამარცხვინოა საერთაშორისო თვალსაზრისით - მაგისტრალური გზები ასე არ იგეგმება, რომ ვიღაცამ ბიძინა ივანიშვილის სახლს შემოუფრინოს. უბრალოდ წავა ყველა ის მაგისტრალი და სხვა ქვეყანაზე გაივლის“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 2026 წლის 9 თებერვალს, საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილება №52 ნაწილობრივ ცვლის ძველ, 2018 წლის №660 დადგენილებას „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესების” შესახებ.
მათივე ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩნდება ფრენისთვის შეზღუდული, ახალი დახურული ზონა „აბასთუმანი-2”.
გამოცემის ინფორმაციითვე, ამ ცვლილებით, აბასთუმნის თავზე, დაახლოებით 28 საზღვაო მილის (52 კმ.) დიამეტრის საჰაერო სივრცეში აიკრძალა სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავების შესვლა. ეს აკრძალვა ვრცელდება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე, ფრენისთვის დახურული ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და საქართველოს სიღრმეში - დაახლოებით 45 კმ-ში სრულდება. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს. აბასთუმნის თავზე აკრძალული ზონა, სულ მცირე, ოთხჯერ აღემატება თბილისის ფართობს.