პაველ ჰერჩინსკი - უკვე 30 წელია, რაც „ევროპის გუნდი” დგას საქართველოს გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ

ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის სადემონსტრაციოდ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და დიპლომატებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ევროპის გუნდის“ (Team Europe) ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონული განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიული სიცოცხლისუნარიანობის მტკიცე მხარდაჭერას და ამ მიზნის კიდევ ერთხელ დადასტურებას.

„ვიზიტმა, რომელშიც მონაწილეობდნენ ელჩები და დიპლომატები ავსტრიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვიდან, ნიდერლანდებიდან და შვედეთიდან, ხაზი გაუსვა საერთო ევროპულ მისწრაფებას — რაც გულისხმობს გრძელვადიან ინვესტიციას ადამიანებში, ახალ შესაძლებლობებსა და ინკლუზიურ ზრდას საქართველოს რეგიონებში. მისიის მთავარი მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ როგორ აისახება ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობა კონკრეტულ შედეგებში: ახალგაზრდების გაძლიერებაში, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერაში, თემების განმტკიცებასა და ისეთი რეგიონების მდგრად განვითარებაში, როგორიც ქვემო ქართლია.

„აქ, ბოლნისში, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის კოლეგასთან ერთად ყოფნა არის დასტური იმისა, რომ ჩვენ ერთგულად ვუჭერთ მხარს საქართველოს რეგიონების განვითარებას. ახალგაზრდებთან იდეების ცოცხალი გაცვლიდან დაწყებული, მეწარმეების ამბიციური სულისკვეთებით დასრულებული, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის დახმარების რეალურ გავლენას. უკვე 30 წელია, რაც „ევროპის გუნდი” დგას საქართველოს გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს — და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

ინფორმაციის თანახმად, ვიზიტმა ასახა პარტნიორობისადმი კომპლექსური მიდგომა, რომელიც აკავშირებს კულტურულ მემკვიდრეობას, ადამიანებსა და სამომავლო შესაძლებლობებს. ის დაიწყო ბოლნისის სიონის ისტორიულ ტაძარში, რაც ევროპულ კულტურულ და ცივილიზაციურ სივრცესთან საქართველოს ღრმა კავშირის სიმბოლური გამოხატულებაა. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ღია დიალოგის, დამოუკიდებელი აზრის და აქტიური სამოქალაქო სივრცის – როგორც დემოკრატიული განვითარების ძირითად საყრდენების – მნიშვნელობას.

ევროკავშირის წარმომადგენელთა ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების გაძლიერებასა და უნარების განვითარებაზე. ზრდასრულთა განათლების ცენტრში (ALE Center), დიპლომატებმა ღია დისკუსია გამართეს ახალგაზრდებთან განათლების, დასაქმების და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი შესაძლებლობების შესახებ. ხაზი გაესვა პროფესიული სწავლებისა და ,,მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის“ როლს მდგრადი საზოგადოებისა და მომავალი ლიდერების ჩამოყალიბებაში.

დიპლომატები ასევე შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებს და გაეცნენ, თუ როგორ აძლიერებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები მცირე ბიზნესს, ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას ადგილობრივ დონეზე. ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული პარტნიორობა არ არის აბსტრაქტული, ის თვალსაჩინოა საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა