ნიკა გვარამია - მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას და სხვა მსგავს საკითხებზე არცერთ შემთხვევაში მარტო არ მიმიღია გადაწყვეტილება, არც და ვერც მივიღებ - უნდა გვახსოვდეს და სხვამაც იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ

მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, თუ მივიღებთ, რას ვეძახით არჩევნებს, თუ არ მივიღებთ, რატომ უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში, რომ არ შევედით, რატომ არა და სხვა მსგავს საკითხებზე არცერთ შემთხვევაში მარტო არ მიმიღია გადაწყვეტილება, არც მივიღებ და ვერც მივიღებ , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

გვარამიას თქმით, ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ.

„მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას; თუ მივიღებთ მონაწილეობას, რას ვეძახით არჩევნებს; თუ არ მივიღებთ, რატომ; უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში; რომ არ შევედით, რატომ არ შევედით;

და სხვა მსგავს საკითხებზე არც ერთ შემთხვევაში მარტო არ მიმიღია გადაწყვეტილება და არც მივიღებ და ვერც მივიღებ. ეს არც შესაძლებელი იყო, არც ახლაა შესაძლებელი, არც ამის სურვილი მქონია და არც მექნება.

ისევე, როგორც არასდროს არ გადამიწყვეტია მარტო, მათ შორის, არც დაფინანსების საკითხი (როგორც ფულის მიღების, ასევე ფულის ხარჯვის ნაწილში).

ასე რომ, ყველაფერი რომ ჩემკენ მოჰყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველს/მოპროტესტეს, ერთის მხრივ, ეგოისტურად სასიამოვნოა, მაგრამ, მეორეს მხრივ, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც (პირადად ჩემთვისაც და, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, საქმისთვისაც). თანაც, ახლა ვინმეს სხვაზე მეტად ლიდერობის აღქმის (გინდა ჩემი, გინდა სხვისი) არც დროა და არც საჭიროება. უფრო პირიქით.

ამ ვითარებაში, ალბათ ურიგო არ იქნებოდა, ყველას დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე. ჟურნალისტებმა და აქტიურმა მოქალაქეებმაც უნდა იცოდნენ, რომ უხერხული და რთული შეკითხვები მხოლოდ ჩემთვის არაა განკუთვნილი. ეს არც სამართლიანია, არც რაციონალური და აჩენს განცდას, რომ თუ ყველაფერი გამოვიდა, ყველას ერთად გამოუვა და თუ რამე არასწორად წავიდა/არ გამოვიდა, დაე გვარამიას დაჰბრალდეს.

ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ: გინდა პარტიაში, გინდა კოალიციაში, გინდა ალიანსში. გინდა თავისუფლებაზე და გინდა ციხეში. კარგზეც და ცუდზეც, წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა