თაზო დათუნაშვილი - დამაზიანებელი ინფანტილიზმია, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, მაგრამ ამოცანაა, ოპოზიციამ იმდენი ხალხის მოვაბილიზოთ, რამდენითაც გაყალბება შეუძლებელი იქნება, მთავარია დამთრგუნველი უმრავლესობა

იდეა, რომ დიქტატორი ივანიშვილი ჩაგაბარებს ხელისუფლებას, მგონია, რომ აბსოლუტური იდიოტიზმია, მაგრამ ივანიშვილს რომ მოვუგოთ ხელისუფლება, ეს სავსებით რეალური მგონია. არჩევნები უნდა მოვიპოვოთ იგივე გზით, რა გზაც დავინახეთ ჩვენი უნგრელი მეგობრებისგან. ეს არის ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის გზა ალტერნატივის გარშემო. ალტერნატივა არის ქართული საზოგადოების რწმენა, რომ ეს პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელსაც მას შევუქმნით, მომგები იქნება ივანიშვილის რეჟიმზე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების დროს არაერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხალხს არჩევნების მიმართ ნიჰილიზმი ჩაუნერგა, უნგრეთის მაგალითმა კი ეს ნიჰილიზმი გაფანტა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ისეთი რაოდენობის ხალხის მობილიზება, რომელსაც არჩევნების გაყალბება ვერ დაჯაბნის.

„ჩემი კოლეგები ამბობენ, უნგრეთში სხვა ვითარება იყოო. კი, სხვა ვითარება იყო, კიდევ უფრო მძიმე - საარჩევნო სისტემა, რომელიც ვიქტორ ორბანმა შექმნა, ბევრად უფრო მძიმე იყო, ვიდრე ჩვენთან არის. ეს არის ქვეყანა, სადაც ოპოზიციური მედია საშუალება იყო მხოლოდ სამი გაზეთი, რომელიც ქვეყნის გარეთ იბეჭდებოდა და ქვეყანაში ძალიან პატარა ტირაჟით შედიოდა. ბატონი მადიარი არასდროს არ ყოფილა ტელევიზიაში მთელი კამპანიის მანძილზე.

ბოლო რამდენიმე დღეა, ჩვენ ვხედავთ ათას „უნგროლოგს“ და სპეციალისტს, რომლებიც გვეუბნებიან, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია. უნგრეთში საარჩევნო სისტემა ძალიან მძიმე იყო, ოპოზიციისთვის მოგება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მადიარმა ეს მოახერხა და თანაც არჩევნების გზით.

ეს არის დამაზიანებელი ინფანტილიზმი, ვინმეს თუ ჰგონია, რომ არჩევნები, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩატარდება და რომელშიც უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, ის იქნება სამართლიანი არჩევნები. არ იქნება სამართლიანი, ამიტომ ამოცანა არის, რომ ისეთი უპირატესობით გავიმარჯვოთ, იმდენი ხალხის მობილიზება მოვახდინოთ, რამდენი ხალხითაც გაყალბება შეუძლებელი იქნება. ასე მოხდა უნგრეთშიც. მთავარი არის დამთრგუნველი უმრავლესობა, ბევრი ხალხი ანუ იმის დემონსტრირება, რაც რეალობაა. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა დღეს უკმაყოფილოა იმ რეალობით, რომელშიც უწევს ცხოვრება. მას უნდა ცვლილება, ოღონდ ალტერნატივის სწორად დანახებით.

ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების წინ ზუსტად მაგას ვეუბნებოდით მოქალაქეებს, რომ ახლა გვაქვს შანსი, მიუხედავად იმ უბედურებისა, რასაც ივანიშვილის არჩევნებს ეძახის. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებზე უპირატესობა გვქონდა იმით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს, ივანიშვილმა რა გააკეთა ერთი წლის მანძილზე, ჩვენ შეგვეძლო არჩევნებზე პოლიტიკური გამარჯვება მოგვეპოვებინა და ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნებოდა შემდგომი გამარჯვებისთვის. არა ხელისუფლების ცვლილებისთვის იმ მომენტში, რადგან თვითმმართველობის არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება, მაგრამ გადამწყვეტი ზიანის მიყენება შეგვეძლო.

იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურად გვეფიქრა და სწორი გადაწყვეტილებისკენ წავსულიყავით, ჩვენმა კოლეგებმა იმხელა ნიჰილიზმი დათესეს არჩევნებისადმი საქართველოში, რომ აგერ, უნგრეთის არჩევნების შედეგებმა ძლივს შემოაბრუნა ეს ქვეყანა იმ იდეისკენ, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეიძლება“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა