მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „მძიმე დარტყმას“ მიაყენებს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და მოსკოვს „მოუწევს“ ის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანოს

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს,“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიმართულებით.

„ევროკავშირში გაწევრიანება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია,“- დასძინა ზახაროვამ.

ასევე ზახაროვას თქმით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, გამოიწვევს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას.

"ეს უბრალოდ ანტირუსული სანქციები არ არის - ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესდა. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას,“ - განაცხადა მან.

ამასთან მისი თქმით, რუსეთს მოუწევს საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.

„რუსეთს მოუწევს - არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება გვსურს, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ მოგვიწევს საქართველო არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანოთ და ჩვენი საპასუხო ეკონომიკური ზომები მასზე გავავრცელოთ" , - განაცხადა ზახაროვამ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება