მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას შეგახსენებთ, რომ ტაჯიკეთში უზბეკეთში და ყაზახეთში ხშირად გვაქვს ვიზიტებიო. თუ ცენტრალური აზიის ქვეყნების მხრიდან იზოლაციის გარღვევაზე ლაპარაკობს, მაშინ ხომ და თუ ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მიმართებით ამბობს, მაშინ არ ვიცი, ამაზე კამათი როგორ შეიძლება არსებობდეს, როდესაც ეს არის შემდგარი ფაქტი. ჰეგელის გამოთქმა არსებობს ასეთი: „თუ ფაქტები ეწინააღმდეგება ჩემს ლოგიკას, მით უარესი ფაქტებისთვისო“, მაგრამ არ მგონია, მაკა ბოჭორიშვილს ჰეგელის რამე ჰქონდეს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაციის შესახებ ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ, საპარლამენტო მოსმენისას გაკეთებულ შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „ოცნებები იზოლაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ოცნებებია, კაია კალასი ვერ განსაზღვრავს საქართველო იყოს იზოლაციაში, ვინ მიესალმება საგარეო საქმეთა მინისტრს და ვის შევხვდებით - ასე არ ხდება“.
ლემონჯავას განცხადებით, დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ვერ მოხდება, იქამდე სანამ „ქართული ოცნება“ ორ ძირითად მოთხოვნას- თავისუფალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება - არ შეასრულებს.
„მოცემულობაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ აღიარებს არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც მთავარია ევროკავშირის ინსტიტუტები და არც შეერთებული შტატები. ამის ყველაზე კარგი ინდიკატორი იყო არჩევნების შემდეგ გაკეთებული განცხადებები, როგორც ეუთო/ოდირის ანგარიში, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები. სინამდვილეში, იცით რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს „ქართული ოცნების“ კრიმინალური ბანდის წევრები, რომ ის მინიმალური მხარდაჭერა რაც გააჩნიათ, მე ვარაუდობ, რომ ეს არის 20-25% დღევანდელი მონაცემით, ისიც არ ჩამოეშალოთ. ახლა როგორც იმართება „ქართული ოცნება“, ეს არის კლასიკური კრიმინალური ვერტიკალი და ნებისმიერი ბზარი ამ ვერტიკალში, შეიძლება აღმოჩნდეს საბედისწერო რეჟიმისთვის, ამიტომ ცდილობენ, რომ საკუთარი კრიმინალური ბანდის წევრები მაინც დააიმედონ, რომ თითქოს რაღაც იქნება.
უნგრეთის მაგალითი, მადიარის გამარჯვება რასაც გვაჩვენებს, მთავარი ამბავი არის პროპაგანდასთან ბრძოლა, იმიტომ, რომ ორბანის პროპაგანდა ომის შიშთან დაკავშირებით არის ერთი ერთში იგივე, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში იმიტომ, რომ არც ორბანს მოუფიქრებია ეს, არც ივანიშვილს, სინამდვილეში, კრემლში დაწერილი სახელმძღვანელოდან არის ეს ორივე ამბავი. რასაც ახლა აკეთებს პაპუაშვილი, არის ბრიუსელისთვის ომის დაწყების დაბრალება, პროპაგანდისტული გზავნილი, თითქოს ევროკავშირი აძალებს საქართველოს ომის დაწყებას და სინამდვილე არის ის, რომ არ არის იმ ქვეყნებისა და რეჟიმის ადგილი ევროკავშირში, რომლებიც ფასეულობითად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და ევროკავშირის მთავარი ღირებულება არის ადამიანი. იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ღირსებას, თავისუფლებას, პატივს არ სცემენ, ეგეთი რეჟიმების ადგილი არ არის ევროკავშირში, ეს არის მთავარი პრობლემა“,- განაცხადა ლემონჯავამ.
რაც შეეხება „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციის წევრებთან შეხვედრას და იმ გარემოებას, რომ შეხვედრის შემდეგ „ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენლებმა კომენტარები არ გააკეთეს, ლემონჯავას თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა.
„არავითარი მსგავსი საფუძველი, რომ ვინმე უკმაყოფილო დარჩა ამ შეხვედრით და ამიტომ არ ისაუბრა საჯაროდ, არ შეესაბამება სიმართლეს. სანამ ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება არ შეასრულებს იმ ძირითად მოთხოვნებს, რაც უპირველეს ყოვლისა ქართველ ხალხს აქვს ამ რეჟიმის მიმართ და ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც, იქამდე ურთიერთობების არავითარი ნორმალიზება არ იქნება და ეს მოთხოვნა არის ორი - პირველი, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ოღონდ არა ლეგიტიმაციის სპექტაკლი და მასკარადი, არამედ ნამდვილი ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და მეორე, ჩვენი თანამებრძოლების, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება საპყრობილეებიდან.
შემიძლია გითხრათ ზოგადი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რადგან „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების ვიზიტზე მკითხეთ, ევროპული მიმართულებაზე შეგვიძლია აქცენტი გავაკეთოთ. მე გარწმუნებთ, რომ ივანიშვილის ნებისმიერი დაპირება იმის შესახებ, რომ ის საკუთარი რუსული და თაღლითური წესებით შეძლებს, რომ რაიმე ტიპის ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს ევროპასთან, ეს დაპირება დარჩება დაპირებად, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაპირება დარჩა ივანიშვილის არსენალიდან. იმიტომ, რომ არ არსებობს მოდელი, არ არსებობს სცენარი, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილს აპატიებენ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებას ან არჩევნების მიტაცებას, ვგულისხმობ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებს, ან სისტემურ წამებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ან ქიმიური იარაღის გამოყენებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მას ჰქონდა ილუზია, რომ საკუთარი პირობებით დიალოგზე წამოყვანას შეძლებდა დასავლეთისა, ის ამაში ხარჯავს ძალიან დიდ ფულს, ლობისტურ კომპანიებში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს მცდელობა აუცილებლად დარჩება მცდელობად, ერთადერთი გზა, რომ მაგალითად შეერთებულ შტატებთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ან საქართველო დაბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის ამ რუსული რეჟიმის დასრულება და ნორმალური კოალიციური ხელისუფლების მოსვლა,“ - განაცხადა ლემონჯავამ.