ეკა ბესელია - რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა სხვაგვარად ან ისეთი, რაც ადრე არ უთქვამს - არჩევნების იდეას ყოველთვის ემხრობოდა

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა სხვაგვარად ან ისეთი, რაც ადრე არ უთქვამს. არჩევნების იდეას ყოველთვის ემხრობოდა, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, არჩევნები ყოველთვის განიხილებოდა ხელისუფლების შეცვლის მთავარ გზად და ამ საკითხზე ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ შეცვლილა.

„შეუძლებელია არჩევნებს არ განიხილავდე, როგორც ხელისუფლების შეცვლის გზას. რაც არ უნდა მოხდეს, ჩამოიშლება, გააქცევენ, ამის მერე, მაინც არჩევნები ინიშნება. ვის არ ესმის ეს აქსიომა? რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა სხვაგვარად ან ისეთი, რაც ადრე არ უთქვამს. არჩევნების იდეას ყოველთვის ემხრობოდა“,- განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელს თქვა, რომ არჩევნებზე არ მიდიოდა და ამ ყველაფერს ფარსი უწოდა, ბესელია პასუხობს, რომ აღნიშნული განცხადება კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირდებოდა.

მისივე შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ვერ გადაიჭრებოდა ადგილობრივი არჩევნებით და დღის წესრიგში უნდა დამდგარიყო როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

„იმიტომ კი არა, რომ არჩევნები არ არის ხელისუფლების შეცვლის გზა, რადგან იმ მოცემულ სიტუაციაში, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. მაშინ ეს საკითხი კონსოლიდირდა და მისი მხრიდან დისონანსის შეტანა იმ განწყობებისთვის არ უნდა მომხდარიყო. საპარლამენტო არჩევნები რომ ყოფილიყო დანიშნული და უარი ეთქვა, მაშინ მეც ვიტყოდი არასწორია-თქო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა ეს თქვა ადგილობრივ არჩევნებზე. ადგილობრივ არჩევნებზე მეც იგივე პოზიცია მქონდა, რადგან ამ არჩევნებით რეალურად არ იცვლება ხელისუფლება. კი, მას ლოკალურ და რეგიონულ დონზე აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ის ვერ ხსნიდა იმ კრიზისს, რაც 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შედეგად დადგა. საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება სულ იყო დღის წესრიგში“,- განაცხადა ბესელიამ.

გარდა ამისა, ბესელიამ ყურადღება გაამახვილა უნგრეთის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა გავლენა მოახდინა ქართულ პოლიტიკურ გარემოზეც, მათ შორის მმართველი გუნდის განწყობებზე

„უნგრეთის ძალიან მნიშვნელოვანმა არჩევნებმა ბევრი დააფიქრა და დააფრთხო „ქართულ ოცნებაში“. ბევრს იმედები გაუჩინა. უნგრეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა იმ პროცესების დამუხრუჭებაში, რომელიც ეხებოდა სანქციების საკითხს თუ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის ფორმატში“, - განაცხადა ბესელიამ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა