პროკურატურამ უნდა აირჩიოს, ან ირაკლი უსოიანმა შეუკვეთა მიქაძეებს, თუნდაც ფარცხალაძის მეშვეობით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა, ან უნდა აირჩიოს, რომ ერთმანეთთან ფარცხალაძე და გარდაცვლილი დაპირისპირებული იყვნენ და შემდეგ შეუკვეთა ფარცხალაძემ მისი მკვლელობა , - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმეში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ძმებ მიქაძეების მხრიდან მკვლელობის ორგანიზება ვერ დასტურდება და აღნიშნულზე ვერც გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
„იმ ოთხი საათის განმავლობაში, როცა დასკვნით სიტყვას ვამბობდი, შევეცადე სასამართლოსთვის დეტალურად დამენახებინა, რომ არავითარი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებას დაადასტურებს, არ არსებობს. დეტალურად მიმოვიხილეთ ის მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია და დავუდასტურეთ სასამართლოს, რომ ეს მტკიცებულებები არ და ვერ ეხება ორგანიზების ნაწილს, ვერ ეხება იმას, რასაც პროკურატურა ამბობს, რომ მიქაძეების როლი ინფორმაციის გადაცემა იყო, ასეთი მტკიცებულება საქმეში საერთოდ არ არსებობს. ამავდროულად, სასამართლოს დავანახეთ რა არ გაკეთდა გამოძიების თვალსაზრისით და რისი გაკეთება იყო შესაძლებელი. პროკურატურა ამბობს, რომ 15 თებერვალს მოხდა მკვლელობის ორგანიზებისთვის შეხვედრები, ამავდროულად კი, ამბობს, რომ 12 თებერვალს მკვლელი ვიღაცამ გაუშვა საბერძნეთში ალიბის შესაქმნელად, ეს დიდი აცდენაა. თუ, 12 თებერვალს ვიღაცამ მკვლელი ალიბის შესაქმნელად გაუშვა, 15 თებერვალს როგორ დაიგეგმა მკვლელობა? პროკურატურას დანაშაულის ჩადენის დრო ფიქსირებული არ აქვს, ანუ როდის მოხდა შეთანხმება, ორგანიზება - ვინ, ვის დაურეკა, როდის, ვინ მოძებნა, რა ფორმით მოხდა - მეილით, ტელეფონით, პირადი შეხვედრით, ვინმე სადმე ჩაფრინდა, როგორ შეათანხმეს და ა.შ. ამაზე არათუ მტკიცებულება არ არის, ვერსიაც კი არ არის. ეს არათუ განაჩენის, ბრალდების სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს და საერთოდ, ლოგიკის სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს“, - განაცხადა კორძაძემ.
კითხვაზე, რა კავშირი აქვთ ძმებ მიქაძეებსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს დადასტურებული უნდა იყოს საქმეში, თუმცა, მტკიცებულებებით ვერ დასტურდება.
„ვერც ეს ვერ გავარკვიეთ. მოტივი უნდა იყოს ძალიან კონკრეტული. პროკურატურამ მოტივი - შეკვეთილი მკვლელობა დაასახელა - ირაკლი უსოიანის მხრიდან შესაძლო შეკვეთა 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში დაპირისპირება, ბიზნესურთიერთობები რა შუაშია, ვეღარ ვხვდები. პროკურატურამ უნდა აირჩიოს, ან ირაკლი უსოიანმა შეუკვეთა მიქაძეებს თუნდაც, ფარცხალაძის მეშვეობით აღნიშნული მკვლელობა, ან უნდა აირჩიოს, ფარცხალაძე და გარდაცვლილი დაპირისპირებული იყვნენ ერთმანეთთან და შემდეგ შეუკვეთა ფარცხალაძემ მკვლელობა. ხომ არ შეიძლება ორი ვერსია ერთდროულად არსებობდეს? დღემდე ვერ გავიგეთ, ამ ორი ვერსიიდან რომელს ირჩევს პროკურატურა, ორივე ვერსიას დასადასტურებლად სხვადასხვა მტკიცებულებები სჭირდება. არც ერთის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
მიქაძეების კავშირი ფარცხალაძესთან ამ საქმეში უნდა დასტურდებოდეს - ამ საქმის გადასახედიდან მიქაძეებმა მიიღეს ფარცხალაძისგან რაიმე ტიპის შეკვეთა, ასეთი რამ საქმეში არ არის. როცა ვამბობ, რომ საქმეში არ არის, განა არის და მე არ მომწონს, საერთოდ არ არის. ასეთ პირობებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეკვეთის საქმეზე მე წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - განაცხადა კორძაძემ.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.