ნიკოლოზ ვაშაკიძე - არ გამოვა, პარლამენტად წოდებულ ნოტარიულ ბიუროში შტამპავდეთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას და პარალელურად, პარლამენტის გარეთ ყალბი დისკუსიების სახით მართავდეთ ცირკებს

რადგან საქართველოს მმართველმა ოჯახმა მისი ნორჩი წარმომადგენლის პირით ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური კლიმატის გამოსასწორებლად დისკუსია და დებატები შემოგვთავაზა, ამ თემაზე ჩემს მოსაზრებას გამოვხატავ, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაძაბულობა, დაპირისპირების ქუჩაში გადასვლა და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მცდელობები იმიტომ ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეს დემოკრატიული არჩევნების არ სჯერა.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიისა და დებატების მთავარ მოედანს პარლამენტი წარმოადგენს. ეს ყველაზე რელევანტური ადგილია, რადგან იქ გამართული დებატები პირდაპირ და უშუალოდ გარდაიქმნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ოღონდ, იმისათვის, რომ ეს პროცესი არა ფიქტიური, არამედ ნამდვილი იყოს, აუცილებელია, პარლამენტის შემადგენლობა ადეკვატურად ასახავდეს ქვეყანაში არსებულ განწყობებს. რა გვაქვს ჩვენ დღეს? ერთპარტიული, აბსოლუტურად მორჩილი, ნოტარიულ ბიუროდ გადაქცეული პარლამენტი დაუფიქრებლად აფორმებს ზევიდან მიღებულ მითითებებს და საზოგადოებას ამის პარალელურად, ორთქლის გამოსაშვებად რაღაც დისკუსიებს სთავაზობენ. ეს სიყალბეა თავიდან ბოლომდე. დაძაბულობა, დაპირისპირების ქუჩაში გადასვლა და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მცდელობები იმიტომ ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეს არ აქვს განცდა, მისი ნების რეალიზაცია შეიძლება მშვიდი და ნორმალური დემოკრატიული პროცესის შედეგად მოხდეს. მას ელემენტარულად არ სჯერა, რომ თუნდაც შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება საკუთარი ნების მიხედვით. საპარლამენტო არჩევნებისას ჩადენილ უამრავ დარღვევას და სიყალბესაც თავი რომ დავანებოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებული, მრავალჯერ გადაკეთებული საარჩევნო კანონის მიხედვით, სამართლიანი არჩევნები და შესაბამისად, ნორმალური პარლამენტის არსებობა უბრალოდ შეუძლებელია. რა გინდათ? პარლამენტად წოდებულ ნოტარიულ ბიუროში "შტამპავდეთ" ნებისმიერ გადაწყვეტილებას და პარალელურად, პარლამენტის გარეთ ყალბი დისკუსიების სახით ცირკებს მართავდეთ? არ გამოვა“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია