ადვოკატი - თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ მეც და პაატა ბურჭულაძეც - პაატა ბურჭულაძე ერთადერთია, ვისაც სპექტაკლებში მონაწილეობის უზღვავი გამოცდილება აქვს და, მისთვის, ეს, ერთგვარად, მშობლიური გარემოა

თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ მეც და პაატა ბურჭულაძეც - პაატა ბურჭულაძე ერთადერთია, ვისაც სპექტაკლებში მონაწილეობის უზღვავი გამოცდილება აქვს და, მისთვის, ეს, ერთგვარად, მშობლიური გარემოა. ამასთან, ის ფაქტი, რომ ამ დადგმაში მას მაყურებლის როლი აქვს და არა მსახიობის, ის რომ მას მხოლოდ საკუთარი თავის თამაში უწევს, მისთვის სიმშვიდის მომტანია,- ამის შესახებ ათონელის სასახლესთან განვითარებული მივლენების გამო დაკავებულ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

„ყველამ ვიცით, რომ იგი უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში (ისევე, როგორც სხვა ბრალდებული); მეორე - წარმოდგენილ პოლიტიკურ პატიმრებს შორის, რომლებსაც მე მადლობას ვუხდი ვაჟკაცობისთვისა და სიმართლისთვის, ერთადერთია, ვისაც სპექტაკლებში მონაწილეობის უზღვავი გამოცდილება აქვს და, მისთვის, ეს, ერთგვარად, მშობლიური გარემოა. ამასთან, ის ფაქტი, რომ ამ დადგმაში მას მაყურებლის როლი აქვს და არა მსახიობის, ის რომ მას მხოლოდ საკუთარი თავის თამაში უწევს, მისთვის სიმშვიდის მომტანია.

მსოფლიო ბანს, პოლიტიკურ პატიმარს, პაატა ბურჭულაძეს ბრალი ედება იმაში, რომ მან ჩაიდინა:

მუხლი 317. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;

საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება;

მუხლი 225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა

(1-ელი ნაწილი) ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა;

(19-222-2-ა) მუხლი 222. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება

  1. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა,
  2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად

(19-222-2-ა) მუხლი 222. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება

დავიწყოთ, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტის განხილვით.

საკანონმდებლო ნორმის თანახმად, ამ დანაშაულის შემადგენლობა შემდეგია:

„ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა“.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, თუ რა არის ამ ნორმის დაცვის ობიექტი. და ამის გასარკვევად, ალბათ, არ არსებობს უფრო მარტივი და უფრო ავტორიტეტული გზა, ვიდრე პროფესორების, მზია ლეკვეიშვილის, ნონა თოდუას, ნინო გვენეტაძის, გოჩა მამულაშვილის, გურამ ნაჭყებიას, გიორგი ტყეშელიაძის, თამარ ებრალიძისა და სხვათა მოსაზრების გაცნობაა.

მათი განმარტებით, ობიექტური შემადგენლობის მხრივ, ეს დანაშაული გამოიხატება ქმედებაში, მძიმე შედეგში ან ასეთი შედეგის საფრთხესა და მიზეზ-შედეგობრივ კავშირში. დაწესებულების ბლოკირებად ჩაითვლება, თუ დამნაშავე შეუძლებელს გახდის ამ ობიექტებში შესვლა-გამოსვლას ან მის ფუნქციონირებას.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებას ისიც კი არ დაუკონკრეტებია, შენობის ბლოკირების მიზანია პროკურატურის მიერ წამოყენებული ვერსია თუ ხელში ჩაგდებისა, ვინაიდან, როგორც საქმის მსვლელობისას ვნახეთ, ძირითადი აქცენტი, თითქოს, ორბელიანის სასახლეში „შევარდნაზე“ კეთდებოდა, ამიტომ, სწორედ ხელში ჩაგდების ნაწილია ჩვენი ინტერესის საგანი.

ობიექტის ხელში ჩაგდებულად ითვლება მაშინ, როცა დამნაშავეს მიეცემა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისამებრ აამუშაოს ისინი (მაგალითად, გადასცეს ინფორმაცია ტელევიზიით ან რადიოთი) და არ დაემორჩილოს შესაბამისი დაწესებულების ან ობიექტის ხელმძღვანელობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შემთხვევაში, მცდელობაზე ვსაუბრობთ, ცხადია, რომ მიზანი ერთი და იგივეა როგორც დასრულებული დანაშაულისთვის, ასევე მცდელობისთვის. და სწორედ აქ ისმის პირველი სამართლებრივად მნიშვნელოვანი კითხვა, რაზეც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ - რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა პაატა ბურჭულაძეს, ყველა სხვა სიცრუე, რასაც მას აბრალებენ, სიმართლე რომ იყოს?

აღნიშნული სისხლის სამართლებრივი ნორმის მიზანი არის არა შენობა-ნაგებობის, აგურებისა და სახურავისა და რკინის ღობის დაცვა, არამედ ობიექტის საქმიანობის დაცვა (მაგალითად, საეთერო შესაძლებლობები, სურსათის გაცემა, ადმინისტრაციული საქმიანობა და ა.შ.). მოცემულ შემთხვევაში, ორბელიანის სასახლის ხელში ჩაგდებას ვერც ერთი მიზანი, რაც სავალდებულო რეკვიზიტია ქმედების 222-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, არ გვაქვს. უფრო მეტიც, როგორ შეიძლება, არასამუშაო დროს, ისედაც ცერემონიული თანამდებობის პირის სამუშაო ადგილის ხელში ჩაგდება მიზნად ისახავდეს ამ სამუშაო ადგილის მუშაობის შეფერხებას? რა არის ნორმის დაცვის ობიექტი? მაგალითად, სატელევიზიო ანძის ან ჰიდროელექტროსადგურის ხელში ჩაგდების მცდელობის შემთხვევაში, ამ ბრალდების შინაარსი გასაგები იქნებოდა, თუმცა, როგორ შეიძლება, გონიერ ადამიანს, ჰქონოდა მოლოდინი, რომ ორბელიანის სასახლის თუნდაც ხელში ჩაგდებით, სადაც, პრინციპში, ერთი ლეგიტიმაციისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ადამიანია მოთავსებული, რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საქმიანობას ხელს შეუშლიდა? შეგახსენებთ, ჩვენ ვსაუბრობთ არა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე, არამედ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაზე, და ამ ნორმას, როგორც უკვე აღვნიშნე, არა ობიექტის, როგორც მატერიალური სიკეთის დაცვის მიზანი აქვს, არამედ მისი საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება. ვინმეს სჯერა, რომ სინდისის პატიმრებიდან ვინმეს მიზანი, შესაძლოა, ამ ობიექტში მომუშავე ადამიანების საქმიანობაში ხელშეშლა უნდა ყოფილიყო?

ამასთან, უკვე ნახსენები ავტორები (მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის კომენტარებში) ხაზგასმით აცხადებენ, რომ „უნდა დადგინდეს, პირის მიერ ჩადენილმა რომელმა კონკრეტულმა ქმედებამ გამოიწვია მუშაობის შეფერხების საფრთხე, კონკრეტულად რაში გამოიხატა იგი?“

და ეს არის მომდევნო კითხვა, რაზეც სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს, რადგან პროკურატურამ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა. უფრო ზუსტად, ბრალდების მხარის პოზიციის თანახმად:

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორბელიანის მოედანზე მისულ პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტის სასახლის ღობე უკვე დახვდა დაზიანებული (და, საკითხავია, ვის მიერ). აქვე, 70 წელს გადაცილებული ოპერის მომღერლის „შეჭრა“ ეზოში არაერთხელ იქნა აღწერილი არაერთი მოწმის მიერ, ამ დარბაზში. ყველა მოწმემ, ვინც აღნიშნულ ფაქტს შეესწრო, თავად ბურჭულაძის ჩათვლით, ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რას შვრებოდა ბურჭულაძე ეზოში - ანგრევდა შენობის კედელს? არა. ცდილობდა ყოფილი ფეხბურთელი გამოეყვანა სასახლიდან? არა. ყვიროდა, რომ ცეცხლია წასაკიდებელი სამშობლოს ყველა მოღალატისთვის? არა. ცდილობდა კორდონი გაერღვია? არა. იგი პოლიციელებს სთხოვდა, საკუთარი ხალხი არ გაეწირათ ისე, როგორც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა კრიმინალებმა გაწირეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს. ცდილობდა სიტუაციის დეესკალაციასა და მოვლენების განვითარებისთვის არაძალადობრივი ხასიათის მიცემას.

თქვენ ვერ ნახავთ საქმეში ვერც ერთ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს, რომ პაატა ბურჭულაძეს რომელიმე შენობის ხელში ჩაგდება სურდა ან მიზნად რაიმე ობიექტის საკუთარ კონტროლქვეშ გადასვლას ისახავდა. მით უმეტეს, შენობისა, სადაც რეჟიმის ჩვეულებრივი ფუნქციონერიც კი არ ზის - არამედ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს დაკნინების სიმბოლო, ადამიანი, რომლის ძალაუფლების წყარო არის არა ქართველი ხალხი, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, არამედ უცხო, მტრული ქვეყნის ფულადი რესურსები, ფორმიანი თუ უფორმო მოძალადეები და რუსი ოლიგარქი.

მუხლი 317. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ

შემდეგი უსამართლო და დაუსაბუთებელი პოლიტიკური ბრალდება პაატა ბურჭულაძის მიმართ, არის რომ, მან, თითქოს, ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება.

პროკურატურის პოზიციის თანახმად, „პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, [...] კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. კერძოდ, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედების ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი იყო საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივ ჩაბმა და გაერთიანება. 2025 წლის 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ საზოგადოების ფართო წრეს კვლავ საქვეყნოდ, აშკარად მოუწოდეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ“.

ამ ბრალთან დაკავშირებით, ერთადერთი რელევანტური მტკიცებულება და ეპიზოდი, რაც პროკურატურას საჯილდაო ქვად გაუხდია, არის პაატა ბურჭულაძის მიერ სცენიდან წაკითხული ეროვნული კრების დეკლარაცია.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურა, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ცდილობს, დეკლარაციის ავტორობა ან/და გამოცხადება პაატა ბურჭულაძეს მიაწეროს. როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, ვიდეომტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, პაატა ბურჭულაძემ ეს ტექსტი მხოლოდ გაახმოვანა და მას კენჭი ეყარა ეროვნულ კრებაზე, შეკრებაზე. პაატა ბურჭულაძე ამ დეკლარაციის ისეთივე ავტორია, როგორიც 4 ოქტომბრის დემონსტრაციაზე მდგომი თითოეული ადამიანი, რომლებმაც ამ დეკლარაციის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს, მათ შორის, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც დღეს დარბაზში იმყოფება, ჩემი ჩათვლით. დეკლარაციის ტექსტი იყო არა ერთი ადამიანის შემოქმედება, არამედ ასიათასობით ადამიანის სათქმელი, რომელიც პაატა ბურჭულაძემ გააჟღერა - გასაგები მიზეზების გამო. დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზშიც, რამის „გაჟღერება“ რომ დაგვჭირდეს, პაატა ამისთვის საუკეთესო კანდიდატი იქნება. ამიტომ, პროკურატურა ბურჭულაძეს ბრალს უყენებს არა რაიმე მოწოდებისთვის, არამედ ქართული საზოგადოების პოზიციის ხმამაღლა გაჟღერებისთვის. რეჟიმი, პაატა ბურჭულაძის სახით, სჯის ყველა იმ ადამიანს, ვისი სათქმელიც ეროვნული კრების დეკლარაციაში წერია", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ჯგუფური ძალადობის ნაწილს, მისი თქმით, პროკურატურის პოზიციის თანახმად, „პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ [...] ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცავებს, "აღნიშნული მოწოდების შემდეგ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან [...] ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის“.

"ბატონო მოსამართლევ, ამ დარბაზს ბევრი სიცრუე უნახავს, თუმცა ტყუილის სიმჭიდროვით ყოველ ათ სიტყვაზე, ეს აბზაცი, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავია. პირველ რიგში, პროკურატურა ტყუის, რომ პაატა ბურჭულაძემ რამე „დანაშაულებრივი გეგმა“ გააჟღერა. ამაზე მე უკვე ვისაუბრე ძალადობისკენ მოწოდების ნაწილზე საუბრისას და აღარ გავიმეორებ, თუმცა, გთხოვთ, დაასახელოთ ერთი ფრაზა მაინც, პაატა ბურჭულაძის გამოსვლიდან, რომელიც რაიმე დანაშაულს შეიცავს, გარდა იმისა, რომ დანაშაულად, სამწუხაროდ, უკვე ითვლება რუსი ოლიგარქის ძალაუფლებისგან ჩამოშორების შესახებ მოწოდებაც, მოსაზრებაც და, შესაძლოა, ფიქრიც კი.

ბრალდების მხარემ ვერც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მიიღო მონაწილეობა საერთოდ რამის დაორგანიზებაში, გარდა ეროვნული კრებისა. ყველა მოწმე, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, ყველა დაკითხული პოლიციელი, ყველა დაკითხული ექსპერტი იყვნენ „ნასესხები მოწმეები“, რომლებიც კვირაში ოთხი დღე დადიან სხვადასხვა პროცესებზე და იმეორებენ ერთსა და იმავეს. მათი ჩვენების უდიდესი ნაწილი, უბრალოდ, არაფრის მომცემია - მაგალითად, ის, რომ დაზიანდა პირთა საკუთრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა, არც არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. არც ვიდეოებზე არსებული გამოსვლები დაუყენებია ვინმეს ეჭვქვეშ. ამიტომ, პრინციპში, მე ვერ ვხედავ ვერავითარ აზრს, რომელიმე მოწმის ჩვენება დეტალურად განვიხილოთ, რადგან მათ, რეალურად, არ მიუციათ ბრალდებულთა საწინააღმდეგო ჩვენებები, გარდა რამდენიმე ცრუმოწმისა, გარდა რამდენიმე მატყუარა ფორმიანისა, რომელთა ჩვენებებიც, გაზიარების შემთხვევაშიც კი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, რადგან შინაარსობრივად არ შეიცავს რაიმე არგუმენტს იმაზე მისათითებლად, რომ პაატა ბურჭულაძემ რამე დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მან მადლობა გადაუხადა "ყველა ადამიანს ამ შუშის კედლის მიღმა“.

„ბატონო პოლკოვნიკო, მადლობა სამსახურისთვის,

ბატონო მურთაზ, მადლობა ვაჟკაცობისთვის,

ირაკლი, მადლობა გულწრფელობისთვის,

ბატონო პაატა, მადლობა იმისთვის, რომ რჩებით შეუდრეკელი და ხალისიანი სისტემური ბოროტების წინაშე.

ყველა სინდისის პატიმარს მადლობას ვუხდი სიმართლისთვის და ქვეყნისთვის ამ მძიმე ტვირთის ტარებისთვის. ჩემთვის პატივია ვიყო დარბაზის ამ მხარეს და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს სახელოვნად.

პატივცემულო მოსამართლევ, კანონის ყარაულობას ვერ გთხოვთ, მაგრამ გთხოვთ, ნუ მისცემთ უფლებას უსამართლო რეჟიმს, გაქელოს კანონი, გამოიყენოს ის მერკანტილური და პოლიტიკური მიზნებისთვის. თქვენ კარგად იცით, რომ პაატა ბურჭულაძე დამნაშავეა მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული კრების ორგანიზებასა და, როგორც თვითონ უყვარს ხოლმე თქმა, საქართველოს სიყვარულში. გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება კანონისა და საკუთარი შინაგანი რწმენის საფუძველზე და იგი ცნოთ უდანაშაულოდ ყველა წარდგენილ ბრალდებაში“,- აღნიშნა თუთბერიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება