ფრაქცია „საქართველოსთვის“ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში ნათია თურნავას, ირაკლი ლექვინაძისა და გოგიტა თოდრაძის დაბარებას გეგმავს

ფრაქცია „საქართველოსთვის“ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძისა და „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის დაბარებას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა და ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, ამ სამი სამსახურის ხელმძღვანელის დაბარება სრულყოფილი სურათისთვის არის აუცილებელი, რასაც მხოლოდ ბიზნესსექტორთან საუბარი ვერ განაპირობებს.

შარაშიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კომისიას ხვალ წერილობით მიმართავენ.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს კომისია არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ბიზნესთან კომუნიკაციით. ამ დრომდე მხოლოდ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლების დაბარება და მათგან გარკვეული ინფორმაციის მიღება მოხდა - კომისიას ჯერჯერობით სხვა არაფერი გაუკეთებია. ამიტომ, ეს რომ იყოს სრულყოფილი სურათი, აუცილებელია ისეთი უწყებების დაბარება, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებლები ამ პრობლემაზე. ინფლაციაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, კონკურენციის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი არის კონკურენციის სააგენტო, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო და სტატისტიკის სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ არის რაღაცა ტიპის მანიპულაცია სტატისტიკაში, შესაბამისად სურათიც იცვლება. აი ჩვენი აზრით, ეს სამი სამსახური არის პრიორიტეტული, რომლის დაბარების გარეშეც კომისიამ რა დასკვნაც არ უნდა დადოს, იქნება არასრულყოფილი, რადგან მხოლოდ ბიზნესიდან მიღებულ ინფორმაციას მოიცავს და ამ დროს პასუხისმგებელი, ძირითადად, არის სახელმწიფო.

მაღალ ფასებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება თავის ეროვნული ბანკით, მთავრობით, კონკურენციის სააგენტოთი და ა.შ. ბიზნესს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და შესაძლებელია იყოს გარკვეული გარიგებები. თუ არის ეს გარიგებები, ამაზე პირდაპირ კონკურენციის სააგენტო უნდა გვესაუბროს. ბიზნესი თვითონ ხომ არ იტყვის ამას, რომ გარიგება გვაქვს ერთმანეთშიო? ამიტომ არსებობს კონკურენციის სააგენტო.

ჩამოთვლილი სამი სამსახურის ხელმძღვანელ პირებს ვიბარებთ, რადგან ისეთი მნიშვნელობის საკითხია, რომ ოპერატიულ დონეზე არ შეგვიძლია ჩვენ მხოლოდ საუბარი“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შარაშიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომისიისთვის მიმართული აქვთ სიტყვიერად, წერილობით ხვალ მიმართავენ.

„კომისიას წერილობით მივმართავთ, რომ მოხდეს დაბარება და თუ არ დაიბარებენ, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ ფასების ზრდაზეა საუბარი.

ჯერჯერობით მიმართული გვაქვს სიტყვიერად, რამდენჯერმე კომისიის სხდომაზე და ხვალ უკვე წერილობითაც მივმართავთ“, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე