ანა წითლიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აირჩიოს: ან თავის გზაზე გაძლიერდეს ან იყოს „ოპოზიციის ალიანსში“

ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს რას იზამს ეს [ოპოზიციის] ალიანსი! – ალიანსთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია ჩემი პარტიის პოზიციას არ ემთხვევა - ახლა არ იყო ის პერიოდი, როცა ერთიანობა გვჭირდება, საარჩევნო კამპანიაში ხომ არ ვართ, რომ გვჭირდებოდეს? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რაც „ოპოზიციურ ალიანსში“ ხდება საბავშვო ბაღია, რადგან ალიანსი, რომლის მთავარი მიზანი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა, იცლის იმისთვის, რომ სააკაშვილის პოსტების რევიზია მოახდინოს.

„ალიანსთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია ჩემი პარტიის პოზიციას არ ემთხვევა. პარტიის გადაწყვეტილება იყო ალიანსში შესვლა. მე წინააღმდეგი ვიყავი, ასე გამოდის, რადგან არგუმენტები მქონდა - არა იმიტომ, რომ ერთობის არ მჯერა. მჯერა მართალი ადამიანების ერთობის და ერთობის, როდესაც ყველა საკითხი, რომელზეც კითხვები არსებობს, გარკვეულია, ყველამ იცის რა უნდა აკეთოს და ერთმანეთის თვალებში შეხედვა არავის უჭირს. ასეთ შემთხვევაში მჯერა ერთობის. ვთვლიდი, რომ ახლა არ იყო ის პერიოდი, როცა ერთიანობა გვჭირდება, საარჩევნო კამპანიაში ხომ არ ვართ, რომ ეს გვჭირდებოდეს? ცოტა საბავშვო ბაღია ახლა რაც ხდება, რადგან ალიანსი, რომლის მთავარი მიზანი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა, იცლის იმისთვის, რომ სააკაშვილის პოსტების რევიზია მოახდინოს - სად წერტილი დაწერა, სად მძიმე. შემდეგ კი ალიანსის ხუთი განცხადებიდან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ დაგმობაა - არ არის სერიოზული, ჯანსაღი და ამ ბრძოლას არ ეხმარება.

რა იყო მიხეილ სააკაშვილის პოსტში პრობლემა? ტყუილი არაფერი დაუწერია, ვინ იგულისხმა მეორე პოსტში განმარტა, რომ გულისხმობდა ყველას და არა მხოლოდ ნიკა მელიას. თუ სიტუაციის განმუხტვა იყო, მიმაჩნია, რომ „ალიანსის“ პასუხი არაპროპორციული იყო. ეს ხომ რეალურად დამოკიდებულებას ანახებს? დღეს ალიანსი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა საუბრობდეს და იმაზე როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ეტაპზე უნდა შეეშვას „ამ რაღაც ერთობებს, უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გაძლიერდეს თვითონ“.

„მე ვთვლი, რომ ამ ალიანსში „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო. „ნაციონალური მოძრაობის“ გზას, მე რომ ეს უფლებამოსილება მქონდეს, სხვანაირად ვუყურებ და ეს იცის მიხეილ სააკაშვილმაც. „ნაციონალური მოძრაობის“ გზა უნდა იყოს ის, რომ უნდა შეეშვას ამ ეტაპზე ამ რაღაც ერთობებს, უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გაძლიერდეს თვითონ, თავისი მებრძოლის აქტივის მობილიზაცია უნდა შეძლოს. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახლა უნიკალური პერიოდია, როდესაც შეუძლია, იმ 14 და 9 წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ არსებული ყველა მითი დაანგრიოს და სახე ანახოს მოქალაქეებს“, - განაცხადა წითლიძემ.

წამყვანის კითხვაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსიდან გამოსვლის საკითხს შეეხებოდა, ანა წითლიძემ უპასუხა, რომ დემარშები და გამოსვლები ძალიან არასერიოზულია.

„ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო საერთოდ არ შევიდოდით მანდ, მაგრამ პარტიის მიღებული გადაწყვეტილებაა. თუმცა, ეს დემარშები და გამოსვლები ძალიან არასერიოზულია. მიუხედავად არასამართლიანი დამოკიდებულებისა ვიქნებით ყველგან, სადაც ბრძოლის ხაზი გადის“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

ამავე თემაზე საუბრისას წითლიძემ აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა „გამოზარდა“, ახლა ამბობენ, რომ „მიშა ერთპიროვნული მმართველია“.

„ისეთი ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსებით მიშამ იმ 9 წლის და 14 წლის განმავლობაში გამოზარდა, გამოდიან და დღეს იძახიან მიშაზე ერთპიროვნული მმართველიო. ლემონჯავა რომ გამოვიდა, კოალიციის ყველაზე პატარა ჭანჭიკია, მაგრამ მათ შორის მისი ლიდერებიც, რომელმა არ ისარგებლა მიშას რესურსით? რომელმა არ გაძარცვა მიშა და შემდეგ კაპიტალი დაიგროვეს. მიშას გამოზრდილს რომ ვიძახი, ვგულისხმობ ყველა კომპონენტს. ეს ადამიანები, რომლებიც მიშამ გამოზარდა, ახლა ამბობენ, რომ მიშა ერთპიროვნული მმართველიაო - მიშას პირობებში იყვნენ მინისტრები და მაშინ არ ახსოვდათ მიშას ერთპიროვნული ლიდერობა?“, - განაცხადა წითლიძემ.

კითხვაზე, როგორია მისი პროგნოზი, გაძლებს თუ არა „ოპოზიციური ალიანსი“ არჩევნებამდე, ანა წითლიძემ უპასუხა, რომ ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს.

„ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს რას იზამს ეს ალიანსი. მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მე მაინც ვგულშემატკივრობ და იმედი მაქვს, საკუთარ თავში პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული საკითხების გარჩევის ძალას იპოვიან. უფრო მეტი კონცენტრირება ჰქონდეთ იმ საჭიროებებზე, რაც საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აირჩიოს გზა - ან თავის გზაზე გაძლიერდეს ან იყოს იმ ალიანსში ისე, როგორც ახლა არის“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას იმითაც უგებს, რომ „არაორგანიზებულები არიან და ერთ საკითხზე შეთანხმებისთვის თვეები სჭირდებათ“.

ბიძინა ივანიშვილი მარტო რეპრესიებით კი არ გვიგებს, ბევრი რაღაცით უგებს ოპოზიციას, მათ შორის ასეთი არაორგანიზებულობით და იმით, რომ ერთ საკითხზე შეთანხმებისთვის თვეები სჭირდებათ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს. წარმოუდგენელი ამბავია, რომ ალიანსში შემავალი პარტიები ერთმანეთს განცხადებებით ელაპარაკებოდნენ. ეს არ სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს. ჩემი პატივისცემა ყველას, მაგრამ არ მჯერა პრესკონფერენციებით ჩატარებული ბრძოლის ველის. ხალხთან უნდა იყვნენ. მიშა რომ გარეთ იყოს, ყველამ ვიცით როგორი იქნებოდა ის“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე