კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება, პარლამენტში ინიცირებულია

პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება.

ცვლილებები “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ხორციელდება და მას პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავს.

როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული ცვლილებით მოხდება სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობის ზრდა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების გზით ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნება.

მისივე ინფორმაციით, ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდაცვითი ფუნქციების მქონე სამსახურების საქმიანობის სინქრონიზაცია, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება, აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების დროული მომზადება და დინამიურ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირება.

“ქვეყნის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე სამართალდამცავი ორგანოების გამართულ, ურთიერთშეთანხმებულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საზოგადოების განვითარებასთან ერთად, იცვლება დანაშაულის ხერხები და საშუალებები. შესაბამისად, მუდმივ დახვეწასა და ტრანსფორმაციას საჭიროებს სამართალდამცავი სფეროს მარეგულირებელი პოლიტიკა, დანაშაულთან ბრძოლის მიდგომები და მეთოდები.

არსებული სამთავრობო სტრუქტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სისტემურ მექანიზმს არ ითვალისწინებს. ამავე დროს, სამართალდაცვითი ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე უწყებაში. აღნიშნული უწყებების ოპერატიული კოორდინაციის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საჭიროა არსებობდეს ერთიანი სტრატეგიული მაკოორდინირებელი უწყება მთავრობის შემადგენლობაში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობა იღებს ზომებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებაა.

ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას. მეორე მხრივ, მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას, პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირებას. ასევე, მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი განახორციელებს კოორდინაციას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან.

აღნიშნული ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდაცვითი ფუნქციების მქონე სამსახურების საქმიანობის სინქრონიზაცია, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება, აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების დროული მომზადება და დინამიურ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირება“, - ნათქვამია კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის შემდეგ, პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტიდან ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ მდინარაძის წერილობითი განცხადება უკვე წარედგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026