გიორგი შარაშიძე - პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში მუქარა ვერ დავინახე - „ოცნება“ ევროპულ მომავალს საკუთარ ძალაუფლებაზე ცვლის, რათა მეტხანს იბატონოს და შეიძლება დღეს და ხვალ პროპაგანდით ახერხებენ ამის შენარჩუნებას, თუმცა, საბოლოოდ, ხალხი საკადრის პასუხს გასცემს

ბუნებრივია, რომ გაზრდილი ფასების საკითხი მხოლოდ ბიზნესთან საუბრით ვერ იქნება კომპლექსურად, სათანადოდ და სიღრმისეულად შესწავლილი - ერთადერთმა, რამაც შესაძლოა გარკვეული შედეგები მოიტანოს, არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებელი სახელმწიფოა, მათ შორის კონკრეტულად ეროვნული ბაკი, რომელიც კონსტიტუციითაც კი ინფლაციაზე პასუხისმგებელია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესს საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ გაზრდილ ფასებზე და ინფლაციაზე მთავარი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

„ბუნებრივია, რომ ეს საკითხი მხოლოდ ბიზნესთან საუბრით ვერ იქნებოდა კომპლექსურად, სათანადოდ და სიღრმისეულად შესწავლილი. აქამდე რაც მოხდა, მხოლოდ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაბარება და მათგან გარკვეული ინფორმაციის მიღება იყო. დაანონსებული იყო, რომ კომისიას შემდეგ უნდა ჰქონოდა მიღებული ინფორმაციის დამუშავების ფაზა და საბოლოოდ რეკომენდაციების გაცემის ფაზა უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, კომისია ამ ფორმატში მუშაობას არ აპირებს, რადგან ჩვენ ამ განხილვებში მონაწილეობა არ მიგვიღია. ბიზნესს საკუთარი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ აქ მთავარი არის სახელმწიფოს [პასუხისმგებლობა] გაზრდილ ფასებზე, ინფლაციაზე. საკვებ პროდუქტებზე ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 10-11%-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ვერანაირი ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ფასების გაიაფებას. ერთადერთმა, რამაც შესაძლოა გარკვეული შედეგები მოიტანოს, არის სწორედ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. კონკრეტულად, ეროვნული ბაკი, რომელიც კონსტიტუციითაც კი ინფლაციაზე პასუხისმგებელია“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისივე თქმით, „ხელისუფლებას სურს ისე წარმოაჩინოს, თითქოს, ვიღაცები სადღაც ბნელ ოთახში მათ გარეშე გარიგებებს აწარმოებენ.“

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, „საქსტატის“ დირექტორს იმიტომ არ იბარებენ, რომ სურთ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, ვიღაცები სადღაც ბნელ ოთახში მათ გარეშე გარიგებებს აწარმოებენ. სინამდვილეში კი მთავარი პასუხისმგებელი „ოცნებაა“ თავისი უწყებებით: ეროვნული ბანკით, „საქსტატით“ და კონკურენციის სააგენტოთი. ეს საკითხი სრულყოფილად შესწავლილი იყოს და მოქალაქეებს სრული სურათი ჰქონდეთ, რატომ იზრდება ფასები უწყვეტად. ვხედავთ, რომ კომისიას მუშაობა არ დაუმთავრებია და ამ 3 თვის განმავლობაში ფასები რამდენჯერმე გაიზარდა“, - განმარტა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება გაზრდილ ეკონომიკას, რომლითაც მოქალაქეები ყოველდღიურად, მათ შორის, პროდუქტების გაზრდილი ფასების ნაწილში ვერ სარგებლობენ, შარაშიძემ განაცხადა, რომ „გაზრდილ ეკონომიკას საზოგადოება ვერ გრძნობს იმიტომ, რომ ის მხოლოდ „ოცნებასთან“ დაახლოებული რამდენიმე ათეულ ოჯახში ნაწილდება.“

„ვერ ვგრძნობთ იმიტომ, რომ გაზრდილი ეკონომიკა მხოლოდ „ოცნებასთან“ დაახლოებული რამდენიმე ათეულ ოჯახში მიდის. ხმარდება 25 ოჯახის კეთილდღეობას და არა ჩვენი რიგითი მოქალაქეების. წარმოიდგინეთ, 100 მილიონი ვერ გამოინახა იმისთვის, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლე გახანგრძლივდეს და ეს პრობლემა გადავჭრათ. ამ დროს, ვხედავთ, რომ რაც „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება, ყველაფრისთვის გამოინახება თანხები, მაგრამ რაც დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და ამ შემოსავლების სამართლიან გადანაწილებას, ეს ხალხს არ ხმარდება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ამასთან, შარაშიძემ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარების საკითხზე და აღნიშნა, რომ მათი გუნდი სარჯველაძეს ძალიან სერიოზულ არგუმენტებს დაუპირისპირებს, „რაც დაადასტურებს, რომ პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო დღეს ამ ბავშვების მშობლების მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს“.

„იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელი იყო, ერთ ინტერპელაციაში ამ სამინისტროს ყველა მიმართულების დაფარვა, ავირჩიეთ კონკრეტულად ის ხაზი, რომელიც იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობას, იმას რაც ბავშვებს ეხება და აქტუალურია. აქ ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ემპათია არ ჩანს. რომც იყოს დასაბუთება, რომ გარკვეული ტიპის რისკებთან არის დაკავშირებული, აბა მათ მშობლებს ჰკითხოს, ერთი დღით სიცოცხლის გახანგრძლივებაც კი მნიშვნელოვანია, არათუ რამდენიმე წლით.

გახსოვთ აქონდროპლაზიის საკითხი, მაშინაც ასეთი მიდგომა ჰქონდა სახელმწიფოს. გარკვეული პერიოდის შემდეგ იძულებული გახდნენ, რომ ეს წამალი შემოეტანათ. [სიფრთხილე] სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი შესწავლილია, ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმატებით არის დანერგილი ეს წამალი და დადასტურებულია მისი წარმატება. მობრძანდეს სარჯველაძე, თუ არ ვცდები ოთხშაბათს, და იქ მოუწევს მას საქმიანი საუბარი. ვინაიდან მას არ აქვს მშობლებთან საუბრის, პირადად შეხვედრის და არგუმენტების ემპათია, მოვა პარლამენტში და საქმიანი საუბარი გვექნება. იქ არ მივცემთ საშუალებას, რომ პროპაგანდისტულად ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს. ჩვენ მას ძალიან სერიოზულ არგუმენტებს დავუპირისპირებთ, რაც დაადასტურებს, რომ პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო დღეს ამ ბავშვების მშობლების მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს! “, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გარდა ამ საკითხებისა, გიორგი შარაშიძემ გადაცემაში ისაუბრა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საგარეო უწყებაში დაბარებაზე და აღნიშნა, რომ ელჩის გაკეთებული განცხადება მან მუქარად ვერ აღიქვა.

„რამდენიმე კვირის წინ მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაცია გვქონდა პარლამენტში და გააკეთა უტიფარი განცხადება, როდესაც მან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე არათუ თავის თავზე და „ოცნებაზე“ აიღო პასუხისმგებლობა, არამედ ევროკავშირს დასდო ბრალი, თითქოს მათ გამო შეჩერდა ეს პროცესი. თითქოს ის მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისას აიღო, ამ რეჟიმმა შეასრულა. ძალიან მაინტერესებს, რაზე უნდა ესაუბრონ ჰერჩინსკის, მასაც პირდაპირ ეტყვიან ევროინტეგრაცია თქვენ შეაჩერეთო?

ელჩის განცხადება მე მუქარად ვერ მივიღე. იმ პირობებში, როდესაც არც სასამართლო გვაქვს და იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უწყებები ერთმანეთს აბალანსებდნენ და დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, ერთ ადამიანს ემორჩილებიან. ეს აჩენს არასტაბილურობის რისკებს, რაზეც ელჩი იმ განცხადებაში მიუთითებს. რა შუაშია მუქარა? ელჩის მოვალეობაა, შეგვახსენოს საქართველოს ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე, რომელიც ისევ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის არის და ესენი პირიქით, არღვევენ“, - განაცხადა შარაშიძემ.

მისივე შეფასებით, „ოცნებამ“ საქართველოს ევროპულ გზას იმდენად გადაუხვია, რომ როგორც კი საქართველოში იქნება იმ სტანდარტის დემოკრატია და სახელმწიფო მოწყობა, რასაც ევროპული სამართალი ითვალისწინებს, „ოცნება“ მყისიერად დაკარგავს ძალაუფლებას.“

„მათ ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ იმ ვითარებაში შეუძლიათ, რა ვითარებაშიც დღეს ამყოფებენ ქვეყანას: როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, პარტიულ ვერტიკალს ემყარება და ძირითადი კეთილდღეობა არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ მათთან დაახლოებულ ოჯახებს ხმარდება. როდესაც ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ, ის ადამიანები რომლებიც დასჯილი უნდა იყვნენ, არათუ დასჯილი არ არიან, საქმეც არ არის აღძრული და პირიქით, დაწინაურებულებს ვხედავთ. ამ ვითარებაში შეუძლია ოპერირება „ოცნებას“, თორემ თავისუფალი სასამართლო რომ იყოს და ინსტიტუტები ერთმანეთს აბალანსებდნენ, ეს ვითარება არ გვექნებოდა. „ოცნება“ საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული, ცვლის საკუთარ ძალაუფლებაზე, საკუთარი თავის კიდევ უფრო გამდიდრებაზე და ძალაუფლების იმისთვის გამოყენებაზე, რომ რაც შეიძლება მეტხანს იბატონოს ამ ქვეყანაში, რაც არ მოხდება. შეიძლება დღეს და ხვალ პროპაგანდით ახერხებენ ძალაუფლების შენარჩუნებას, მაგრამ ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს“, - განაცხადა შარაშიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026