ლევან ლორთქიფანიძე - ვაშინგტონში მომხდარი შემთხვევა უცნაურად ემთხვევა ტრამპის პოლიტიკურ მდგომარეობას: მისი რეიტინგი დაბალია, ამ დროს კი ხელმეორედ გადაურჩა სიკვდილს - ეს ბევრ ეჭვს აჩენს, გამორიცხული არაა, სროლა დადგმული ყოფილიყო

როგორ შეიძლება შეიარაღებული ადამიანი აღმოჩენილიყო იმ სადილზე, რომელსაც ქვეყნის ყველა მმართველი პირი ესწრება?! ძალიან უცნაურია და უცნაურად ემთხვევა თვითონ ტრამპის პოლიტიკურ მდგომარეობასაც - შესაძლოა, დადგმული ყოფილიყო, ცხადია, ამის საფუძველი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე „თეთრი სახლის კორესპონდენტების“ სადილზე მომხდარ სროლას.

როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგი არის დაბალი, ამ დროს კი მოულოდნელად ხდება ასეთი ფაქტი, რომ ის ხელმეორედ არის გადარჩენილი სიკვდილს, ბევრ ეჭვს აჩენს.

„ჯერ შევხედოთ უსაფრთხოების სამსახურებმა როგორ იმუშავეს „თეთრი სახლის კორესპონდენტების“ სადილზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით - როგორ შეიძლება შეიარაღებული ადამიანი აღმოჩენილიყო იმ სადილზე, რომელსაც ქვეყნის ყველა მმართველი პირი ესწრება?! ეტყობა აქ არის ჩავარდნა. როგორ შეიპარა, როგორ შევიდა, მით უმეტეს იარაღით, ეს ძალიან უცნაურია და უცნაურად ემთხვევა თვითონა ტრამპის პოლიტიკურ მდგომარეობასაც. დღეს მისი რეიტინგი ქვეყნის შიგნით არის კატასტროფულად დაბალი. დღეს ის ვერ ახერხებს ირანის და ჰორმუზის სრუტის საკითხის გადაწყვეტას. ცოტა ხანში მას ელის შუალედური არჩევნები. ამ შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელთა“ რეიტინგი არის კატასტროფულად დაბალი და მოულოდნელად ხდება ასეთი მოვლენა, რომ იარაღიანი კაცი სადილზე ხვდება, ვერაფერს ახერხებს, წარუმატებელ შოუს დგამს და პრეზიდენტი ხელმეორედ არის გადარჩენილი ამ სასიკვდილო საფრთხისგან. ბევრ ეჭვს აჩენს, რამდენად რეალური იყო ის საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა ტრამპს. შესაძლოა, დადგმული ყოფილიყო, ამას არავინ გამორიცხავს. ცხადია ამის საფუძველი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება საქართველოს და საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მან გადაცემაში სტუმრობისას „ოპოზიციურ ალიანსზე“ ისაუბრა. როგორც ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, „ალიანსი ძალიან გაუგებარი ერთობაა“.

„ალიანსი ძალიან გაუგებარი ერთობაა. ეს არც სტრუქტურული ერთიანობაა, არც პოლიტიკური ბლოკია, არც წინასაარჩევნო კოალიციაა. თითქოს რაღაც საკოორდინაციო საბჭოა, მაგრამ არაა განსაზღვრული კონკრეტული საქმეები, რაც ამ კოორდინაციის ფარგლებში უნდა გააკეთონ. არიან შიგნით ერთობები, რომლებიც შიგნით ერთმანეთს თავს ესხმიან და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ. მოკლედ, ეს ჩემი დაკვირვებით, ძალიან გაუგებარი ერთობაა ამ ეტაპზე, არასტაბილური, არა სტრუქტურირებული, ფორმა არ აქვს მიცემული. ასე რომ, მათთან თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან ცოტა რთულია.

ჩვენს ქვეყანაში არასდროს გაუმართლებია ამ სტრატეგიას, როცა ოპოზიციური ძალები ერთმანეთს თავს ესხმიან და ლანძღავენ. დროა, ამ ქვეყანაში, რომ იყოს პოზიტიური დღის წესრიგი. დღეს ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს არა ის, თუ მოწინააღმდეგეს რა ნაკლი აქვს, რატომაა საზიზღარი ოპონენტი, არამედ მოსახლეობას აინტერესებს, შენ რას სთავაზობ ხელისუფლებაში რომ მოხვალ. გასაგებია, რომ რუსეთი საშინელებაა და ევროპაში უნდა შევიდეთ; გასაგებია, რომ ომი არ უნდა ამ ქვეყანას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ ამომრჩეველი დაარწმუნო. ახლა არის საჭირო საუბარი იმაზე, რომ ადამიანებს უთხრათ რას აპირებთ განათლების, სოციალურ დაცვის სისტემაში, რას ცვლით შრომის კანონმდებლობაში, როგორი იქნება შენი დამოკიდებულება სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პოზიტიური დღის წესრიგი სჭირდება დღეს ამ ქვეყანაში ადამიანების მობილიზებას და არა ერთმანეთზე თავდასხმა.

მე რაც თავი მახსოვს და რა ინფორმაციაც ჩემი მოკრძალებული კვლევითი გამოცდილებიდან მაქვს, ქართული ოპოზიცია სულ საუბრობს გაერთიანებაზე და არასდროს ბოლომდე არ ერთიანდება. არასდროს გვახსოვს ბოლომდე ერთიანი ოპოზიცია, მაგრამ სულ გვახსოვს საუბარი ამ ერთობაზე. ამასაც თავი უნდა დავანებოთ. დღეს ალბათ კარგი, შედეგიანი იქნება ის, თუ ხელისუფლებას ოპოზიციური ჯგუფები შეუტევენ სხვადასხვა ფლანგიდან. მხოლოდ მრავალი ფლანგიდან შეტევამ შეიძლება დააზუსტოს ის მონოლითური მექანიზმი, რომელიც ივანიშვილმა ააშენა. ეს ერთიანობა არ შედგება, ბოლოს მაინც დაიშლება, ბოლოს მაინც ასეთ კინკლაობის სახეს მიიღებს, რაც ახსენეთ. ასე რომ, ტყუილად დროის კარგვა ასეთი ერთობების მშენებლობისთვის, მგონი, არასერიოზულია დღეს“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026